კვირას, ცნობილი რუსი ადვოკატი და სატელევიზიო წამყვანი პაველ ასტახოვი, მისივე ინფორმაციით, ქართველმა მესაზღვრეებმა თურქეთის მიმართულებით, ტრანზიტით, არ გაატარეს. ასტახოვის საზღვრიდან მიბრუნების ამბავი წამყვანმა რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.
კერძოდ, ასტახოვი მონაწილეობს დოკუმენტური ფილმის გადაღებაში და იმყოფებოდა სომხეთის ტერიტორიაზე. ვინაიდან სომხეთ-თურქეთს შორის არ ფუნქციონირებს სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, რუსი ადვოკატი და ტელეწამყვანი, თავის კოლეგებთან ერთად, საქართველოსკენ გამოემართა, რათა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით შესულიყო თურქეთში, რაც ფილმის სცენარით იყო დაგეგმილი – გადამღები ჯგუფი არარატის მთასთან უნდა მისულიყო, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ქართველმა მესაზღვრეებმა, გაურკვეველი მოსაზრებებით, სტუმრები შვიდი საათის განმავლობაში გააჩერეს საზღვარზე, შემდეგ კი საქართველოში შემოშვებაზე უარი განუცხადეს. ასტახოვის თქმით, მას თარჯიმანის მომსახურებაზეც უარი უთხრეს და სთხოვდნენ, ხელი მოეწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდგარ დოკუმენტზე.
პაველ ასტახოვთან დაკავშირებული ინციდენტი შეიძლება შეფასდეს, როგორც საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში ჩანერგილი ამერიკული აგენტურის მორიგი პროვოკაცია. მიზანი – საქართველოს იმიჯის შელახვა რუსეთში.
ცნობისათვის: პაველ ასტახოვის კლიენტებს შორის რუსეთის ბომონდის არაერთი წარმომადგენელი ყოფილა – დაწყებული მოსკოვის აწ განსვენებული მერით, იური ლუჟკოვით, გაგრძელებული რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარით – სერგეი სტეპაშინით, დამთავრებული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებით, როგორებიც არიან კრისტინა ორბაკაიტე, სოსო პავლიაშვილი, არკადი უკუპნიკი, ბარი ალიბასოვი და სხვები.