უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება, შესაძლოა, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყოს. მისი თქმით, გასათვალისწინებელია წვრთნებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების დრო.
ფოტოზე: იემენში ჰუსიტების მიერ ჩამოგდებული საუდის არაბეთის კუთვნილი F16; 2015 წელი.
„ვიტყოდი, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენა მომავალ გაზაფხულზე შეიძლება მოხდეს, რადგან დავიწყეთ ჩვენი მფრინავების, ინჟინრებისა და ტექნიკოსების მომზადების კურსები“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინაში თვითმფრინავების გამოყენებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება.
„ამას მინიმუმ ექვსი თვე და შესაძლოა, ცოტა მეტიც დასჭირდეს“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ F-16-ების ფრონტზე გამოჩენას ომში „თამაშის წესების შეცვლა“ შეუძლია.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის დომინირება ცაში, ბრძოლის ველზე. F-16-ები თვითმფრინავი გახდება საჰაერო თავდაცვის ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები ცაზე, რათა დავიცვათ საჰაერო სივრცე ანუ ჩვენი ქალაქები. ჩვენთვის ეს დიდი გარღვევა იქნება, ძალიან დიდი“, – განმარტა რეზნიკოვმა.