უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა მზადყოფნა, 16 სექტემბრიდან დაკეტოს საზღვარი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, თუ ევროკავშირი არ დათანხმდება უკრაინული მარცვლეულის შიდა გაყიდვის აკრძალვას, – ამის შესახებ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნაგიმ განაცხადა.
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, თუ ევროკავშირი არ გაახანგრძლივებს უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას, რომელიც 15 სექტემბერს დასრულდება, უნგრეთი არა მხოლოდ ჩაკეტავს საზღვრებს უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლისთვის, არამედ გააფართოებს სიას.
ნაგის თქმით, უნგრელი ფერმერებისთვის სირთულეებს ქმნის „კორონავირუსის ეპიდემია, გვალვა, სამეზობლოში გამძვინვარებული ომი და მისი შედეგები, ენერგეტიკული კრიზისი და ის, რომ იაფფასიანმა უკრაინულმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებმა შეავსო ევროპის ბაზარი“.
„მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი უკეთესია – მოსალოდნელია, რომ წლევანდელი სიმინდის მოსავალი თითქმის რეკორდულ დონეს მიაღწევს – იაფი კონკურენცია ართულებს გაყიდვას“,, – აღნიშნა ნაგიმ.
მაისში, ევროკავშირმა ნება დართო ბულგარეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს, აეკრძალათ უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლის შიდა გაყიდვა, ამასთან, დაუშვა საქონლის ტრანზიტი სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. ეს აკრძალვა 15 სექტემბერს იწურება.