გენერალი სირსკი – მტერი თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობს

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება კვლავ მძიმეა.

უფრო კონკრეტულად კი, სირსკის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ბახმუტისა და კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსეთის ჯარები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვა.

„მტერი, დანაკარგების მიუხედავად, ცდილობს გაარღვიოს ჩვენი ჯარების დაცვა“, – აცხადებს სირსკი.

მისი თქმით, პარალელურად, ახალი დაჯგუფებები შემოჰყავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, რათა გაიზარდოს თავისი ჯარების რაოდენობა და საბრძოლო ეფექტურობა.

როგორც გენერალმა განაცხადა, ბახმუტის მიმართულებით მტერი ცდილობს ყველაფრის ფასად დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები და დღეში რამდენჯერმე უტევს უკრაინულ ქვედანაყოფებს.

„ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის, კურდიუმოვკას, იაგოდნოიეს, ანდრეევკას რაიონებში“, – დასძინა გენერალმა.