“რეალობა ასეთია: ვინც ზურაბაშვილის იმპიჩმენტის თემა მოიგონა, მავნებელია, იდიოტია ან მავნებელი იდიოტი” – გულბაათ რცხილაძე

გუშინ დილიდან ახმაურდა ჩემი ტელეფონი – რუსეთიდან შემოსული სატელეფონო ზარების მეშვეობით. სხვადასხვა სააგენტოების ჟურნალისტები რეკავდნენ და აინტერესებდათ, რა ბედი ელის პრეზიდენტ ზურაბაშვილის იმპიჩმენტს, რომელიც “ქოცნებამ” დაიწყო.

ქართული ახალი ამბები გულის რევას იწვევს, ამიტომ ვცდილობ, დილიდანვე არ მოვიშხამო გუნება ამ ნიუსების კითხვით (თუმცა, ვაღიარებ, რომ როგორც პოლიტოლოგი, ამ მხრივ არასწორად ვიქცევი – ახალ ამბებს დილიდანვე უნდა გაეცნო). შესაბამისად, ზურაბაშვილის იმპიჩმენტის ამბავი რუსი ჟურნალისტებისგან გავიგე, ტელეფონით.

თუმცა, დიდი ფიქრი პასუხზე არ დამჭირებია და ვთქვი, რომ ამ იმპიჩმენტს პერსპექტივა არ გააჩნია, ისევე, როგორც მყარი იურიდიული საფუძველი. “ქოცნება”, როგორც ჩანს, ერთმანეთში ურევს უფლებასა და უფლებამოსილებას – ორ სხვადასხვა იურიდიულ ცნებას. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, აწარმოოს საგარეო პოლიტიკა და, შესაბამისად, მას არ შეუძლია, უცხოეთში ხელი მოაწეროს რაიმენაირ შეთანხმებას, თუკი საამისო უფლებამოსილება საგანგებოდ არ ექნება მინიჭებული პარლამენტისა და (ან) მთავრობის მხრიდან.

სამაგიეროდ, პრეზიდენტს, რომელიც თავად “ქოცნებამ” მოახვია თავს ქართველ ხალხს და ახლა ფორმალურად, ეს პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეულ ლეგიტიმურ პრეზიდენტად გვევლინება, უფლება აქვს, წავიდეს საზღვარგარეთ,  შეხვდეს კოლეგებს და მოლაპარაკება აწარმოოს ამა თუ იმ საკითხზე (მით უმეტეს, რომ მადამ ზურაბი მთავრობაზე მეტად უჭერს მხარს მთავრობის მიერ დეკლარირებულ “გეიროპულ” საგარეო პოლიტიკას). ამის გამო პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება იურიდიული ნონსენსია და პოლიტიკურად წამგებიანი. როდესაც “ქოცები” იძახიან, რომ პრეზიდენტმა მათი მთავრობისგან ნებართვა უნდა აიღოს საზღვარგარეთ წასვლაზე, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაა. არ შეიძლება, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი თავის ვიზიტებზე ნებართვას იღებდეს, ხალხის მიერ არაპირდაპირ არჩეული მთავრობისგან.

მე ასევე ვთქვი, რომ თუკი “ქოცები” რეალურად შეძლებენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის სიცოცხლის მინიჭებას (თუმცაღა საჭირო ხმათა მინიმუმს, 100 დეპუტატის ოდენობით, ისინი პარლამენტში ვერ მოაგროვებენ), მაშინ თავად მოუწევთ ახალი ქუჩის პროტესტებთან გამკლავება. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით, “ქოცნება” მეორე სუნთქვას მიანიჭებს რადიკალურ პროდასავლურ ოპოზიციას და ამ ოპოზიციის მხარდამჭერ დასავლეთის გავლენიან წრეებს – “ქოცების” ავტოიმპიჩმენტის პერსპექტივებით.

ამიტომ, ვინც ეს უსარგებლო თემა – საზღვარგარეთ პრეზიდენტის წასვლისა და შტაინმაიერ-შარლმიშელებთან შეხვედრების გამო მისი იმპიჩმენტის თემა მოიგონა, იდიოტი, მავნებელი ან ორივე ერთად – მავნებელი იდიოტია.

ერთს “ქოცებსაც” გავძახებ –  როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, “დაელოდეთ 2024 წლის არჩევნებს” – რა თქმა უნდა, თქვენმა ამერიკელმა მბრძანებლებმა, ყურებით რომ ყავხართ დაჭერილები, იქამდე თუ მიგაღწევინეს.

 

გულბაათ რცხილაძე