შალვა პაპუაშვილი – ძალადობა მიუღებელია და მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ძალადობაზე იყოს რეაგირება, ამას ვსაუბრობთ ჩვენ ყოველთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ძალადობას ახალისებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია და „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ასეთ ფაქტზე უნდა იყოს რეაგირება.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მუდმივად ახალისებდა ძალადობას, მათ შორის მათ გაამართლეს 7-8 მარტის მოვლენები.

„თავისთავად, ძალადობა მიუღებელია და თუკი ძალადობას აქვს ადგილი, ყოველთვის დასჯილი უნდა იყოს შესაბამისად, ამას ვსაუბრობთ ყოველთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ძალადობის წამახალისებელი ორგანიზაციაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიმუშავა ქართველ ხალხზე ძალადობის რეპრესიული სახელმწიფო მანქანა, ხოლო ოპოზიციიდან ისინი ქართველ ხალხზე უკვე ძალადობენ ამ სახელმწიფო მანქანის გარეშე. თუნდაც რომ გავიხსენოთ 7-8 მარტის მოვლენები, ადამიანს ცეცხლს უკიდებდნენ და ამას ამართლებდნენ შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ის ხალხი, ვინც დღემდე ამართლებს ამ მოვლენებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია და მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ძალადობაზე იყოს რეაგირება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება ძალადობას, ამას ჩვენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. გავიხსენოთ 7-8 მარტის მოვლენები, ძალადობის კულმინაცია იყო, როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური ძალადობის, ისე ფაშისტური მოწოდებების, რომ ადამიანები გარიყონ საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან. ასე რომ, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა გარკვეული კასტა აქტივისტებისა, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერ ძალადობაზე და ამას ამართლებენ რაღაც მიზნებით. სხვათაშორის, აქ რაღაც პარალელი შეიძლება გაივლოს, მათ შორის პრეზიდენტის საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით. აქაც იგივე მოტივაცია გვესმის – თუ ჩათვლიან, რომ მიზანი არის დიადი, ამ შემთხვევაში საშუალებაც გამართლებულია. ანუ, თუკი ჩათვლიან, რომ ასეთი ვიზიტების მიზანი არის ევროკავშირთან დაახლოება და ასე იტყვიან, მაშინ კონსტიტუციის დარღვევა, როგორც საშუალება, მისაღებია. თუკი ჩათვლიან, რომ საჭიროა რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა, მაშინ საშუალება, რომ ადამიანს ამის გამო ცეცხლი წაუკიდო და ლამის ცოცხლად დაწვა ადამიანი, გამართლებულია. ასეთი ბოლშევიკური მიდგომების მქონე აქტივისტების ჯგუფი ჩამოაყალიბა რადიკალურმა ოპოზიციამ და სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ წინ არჩევნებია და როგორც ჩანს, ეს ჯგუფი მეტად და მეტად აგრესიული გახდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შსს-მ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.