ბელგიაში განმარტავენ, რომ მათი F-16-ები ცუდ მდგომარეობაშია და ამიტომ ვერ გაიგზავნება უკრაინაში. euractiv-ის ცნობით, ამის შესახებ ლეიტენანტმა ფრედერიკ გეტინკმა განაცხადა.
„საქმე იმაში არაა რომ არ გვინდა, მაგრამ როცა ჩვენი თვითმფრინავები ექსპლუატაციიდან გამოდის, ისინიც ცვდებიან. ამ თვითმფრინავებმა უკვე იმდენი საათი იფრინეს, რომ მათი კონსტრუქცია გაცვდა. არ შეიძლება უკრაინაში ისეთი თვითმფრინავების გაგზავნა, რომლებსაც ჩვენ თავადაც არ გამოვიყენებდით“, – ამბობს ფრედერიკ გეტინკი.
ცნობისთვის, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში მიანიშნა იმაზე, რომ ბრიუსელი უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიდა, რაც მაისში ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა დაადასტურა.