ანდრია გვიდიანი – მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო ოფისის მუშაობა საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტიანი გახდეს

პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ორგანიზებით, დაძმობილების პროექტის შუალედური ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა, მარკ ჰედლიმ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

ღონისძიების სტუმრებს მიმართა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრია გვიდიანმა. მან ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მნიშვნელობაზე საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების და საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით.

„პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი შესრულების ეფექტური ანალიზი. ამასთან, მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტიანი გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა. შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მისი დანერგვა ჩვენი შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენს“,- განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტირებისა და ზედამხედველობის პროგრესი CESEE რეგიონში, რის შესახებაც ისაუბრა CESEE ქვეყნების ბიუჯეტის უფროს საჯარო მოხელეთა ქსელის ხელმძღვანელმა, ბრაიან ფინმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.