ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ევროპული რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცვლილებებს არ კითხულობენ და კანონპროექტს ზედაპირულად აკრიტიკებენ.
„ეს პუნქტი ევრორეკომენდაციებში იყო. ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ოლივერ ვარჰეის საჯარო რეკომენდაცია იყო. სწორედ ევროპული რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა ცვლილებები. ოპოზიციას ზედაპირულობა დაღუპავს. რატომ? თუ ვინმეს აინტერესებს, ნახოს, ვეტო რაზე იყო დაძლეული, შემდეგ ევრორეკომენდაცია ნახოს და მიხვდება, სად არის დამთხვევა, წინააღმდეგობა და რა არგუმენტებით ვიღებთ ცვლილებებს. პირდაპირ გვითხრეს, რომ შეიძლება, უმჯობესი იყოს, დააბრუნოთ მსგავსი მოდელი. ეს ნიშნავს, რასაც ახლა ვაკეთებთ. ცვლილებებს არ კითხულობენ ან ზედაპირულ კრიტიკას იწყებენ, რაღაც სიტყვებს ურახუნებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი გუნდი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აინიცირებს, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება. კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ნაცვლად 76 ხმისა, რომლითაც დღეს ხუთი წლის ვადით აირჩევიან ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები, საჭირო იქნება 90 ხმა. თუმცა, მიქანაძის თქმით, თუ კანდიდატი 90 ხმას ვერ დააგროვებს, ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით კონკრეტული მხარდაჭერის მიღება. გივი მიქანაძის განმარტებით, პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმით მხარდაჭერაც ვერ იქნა მოპოვებული, ეს საკითხი შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა.