აშშ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს პირველად გადასცემს

პირველად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შეერთებული შტატები უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს გადასცემს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ, ვინც წვლილი შეიტანა პუტინის აგრესიულ ომში, უნდა გადაიხადონ საფასური.

„ჩვენ პირველად გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რაც უკრაინელ ვეტერანებს მოხმარდება“, – აღნიშნა ბლინკენმა.

საუბარია 5,4 მილიონ დოლარზე. თანხები უკრაინას ბლინკენის მიერ გამოცხადებული დახმარების ფარგლებში გადაერიცხება.

ბლინკენმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ ახორციელებს საერთაშორისო ზეწოლას რუსეთზე, რათა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას.