„მოშორდი სმარტფონს!“ – რა შეზღუდვებს აწესებს ჩინეთი?

ფოტო: Elspeth Hay

ჩინეთი ბავშვების მიერ მობილური აპლიკაციების გამოყენების დროზე შეზღუდვებს აწესებს. „ბავშვის რეჟიმი“ მშობლებმა უნდა დაადასტურონ. ეს უკანასკნელნი წინააღმდეგი ნამდვილად არ არიან, თუმცა ჩინეთის ტექნიკურ გიგანტებს ამ მიმართულებით ბევრი აქვთ სამუშაო.

რა ხდება?

 

ჩინეთში, 2 სექტემბრიდან დაწესდა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ბავშვებს სმარტფონში მობილური აპლიკაციების გამოყენება მხოლოდ კონკრეტული დროით შეუძლიათ. ამას წინ უძღოდა ინოვაციის შესახებ გამართული აქტიური საჯარო განხილვა. იდეის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანია მცირეწლოვან მომხმარებლებში “სმარტფონზე” დამოკიდებულების თავიდან აცილება. ამისათვის კი, მოწყობილობაში დაყენდება სპეციალური „საბავშვო რეჟიმი“, რომელიც ტელეფონში აპლიკაციების გამოყენების დღიურ ლიმიტად, მაქსიმუმ, 2 საათს ადგენს.

 

ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერი აკონტროლოს

 

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მისი ყოველდღიური ლიმიტი მით უფრო ნაკლებ დროს მოიცავს. ამრიგად, 8 წლამდე ასაკის მომხმარებლებს სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენება დღეში არა უმეტეს 40 წუთის განმავლობაში შეუძლიათ. გარდა ამისა, არასრულწლოვანთათვის დაწესებულია სრული სატელეფონო დაბლოკვა საღამოს 22 საათიდან დილის 6 საათამდე. თუმცა, მშობლებს უფლება აქვთ გადაწყვიტონ, გამოიყენებენ თუ არა ახალ წესებს და მათ ასევე შეუძლიათ, დროის ლიმიტი შეცვალონ. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, მშობლების უმეტესობა აღნიშნული სიახლით კმაყოფილია. „ბავშვები, რომლებიც სმარტფონებს ძალიან დიდ დროს უთმობენ, ოჯახის წევრებთან ნაკლებ დროს ატარებენ“, – განუცხადა Deutsche Welle-ს კონგ ლინგმანმა, რომელიც შანხაიში, აუდიტორულ ფირმაში მუშაობს და ამავდროულად, არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

დადებითი გამოხმაურებით არის სავსე სოციალური ქსელი Weibo, სადაც ჩინეთის სამთავრობო უწყებები ამ ინოვაციის შესახებ სიახლეებს აქვეყნებენ. უარყოფითი კომენტარები ცოტაა, თუმცა, მაინც არის. „თუ თქვენ ცდილობთ, აკონტროლოთ აბსოლუტურად ყველაფერი, საბოლოოდ, იმას მიაღწევთ, რომ ვეღარაფერს გააკონტროლებთ“, – წერს ერთი მომხმარებელი და მისი კომენტარი ასობით მოწონებას იმსახურებს.

 

ჩინეთი და ციფრული ტექნოლოგიები

 

სმარტფონებთან დაკავშირებული სიახლე არ არის ჩინეთის ხელისუფლების პირველი ნაბიჯი, რომლითაც მთავრობა ციფრული გართობის სფეროს რეგულირებას  ცდილობს. 2019 წელს ქვეყანაში დაწესდა მაქსიმალურად დასაშვები დრო, რა პერიოდშიც არასრულწლოვნებისთვის ვიდეო თამაშები ნებადართულია. თავდაპირველად, ეს აქტივობა მხოლოდ შაბათსა და კვირას, ისიც 90 წუთით იყო დაშვებული. 2021 წელს წესი შეიცვალა და ვიდეოთამაშები ნებადართული გახდა პარასკევს 1 საათით, შაბათ-კვირას და ასევე – დღესასწაულების დროს.

ლუდომანიის საწინააღმდეგო ღონისძიებებიც დაინერგა სმარტფონებში არსებულ გარკვეულ სათამაშო აპლიკაციებშიც. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დარეგისტრირებულიყო თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით, ამასთანავე, მიეთითებინა პასპორტის ნომერი. ”ხელისუფლების ამ ნაბიჯებს აქვს გარკვეული ლოგიკა”, – ამბობს DW-სთან საუბარში ტაი იუ-ჰუ, რომელიც ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორია. მისი თქმით, ჩინეთი იცავს “ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას”, რომელიც ფოკუსირებულია სამ სფეროზე: ინტერნეტი, ახალგაზრდობა და გართობა. უახლესი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივნისში ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ ჩინეთში 76%-ს მიაღწია. მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის გამო, სმარტფონებში არსებული ვიდეოთამაშები შეიძლება ჩაითვალოს კაპიტალისტური გართობის ფორმად, რაც ჩინეთის ოფიციალურ პროპაგანდას ეწინააღმდეგება. „მას შემდეგ, რაც ჩინეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი სი ძინპინი დაახლოებით 10 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა, გაჩნდა ტენდენცია, რომელიც ყოველდღიური გართობის სფეროში პოლიტიკური იდეოლოგიის შეღწევას გულისხმობს“, – განუმარტა DW-ს ტაი იუ-ჰუმ.

 

ჩინეთში IT-კომპანიებს წინ ბევრი სამუშაო ელით

 

მაშინ, როდესაც ჩინეთში მშობლებს აინტერესებთ, თუ როგორ იმოქმედებს სმარტფონების გამოყენების შეზღუდვა ბავშვებზე, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები უკვე ტვინს იჭყლეტენ ამ იდეის ტექნიკურ განხორციელებაზე. ამ ახალი წესის ყოველდღიურობაში დანერგვაზე ხომ სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი. შემთხვევითი არ არის, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღეს, ჩინეთის რამდენიმე IT- კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა. მაგალითად, საკმარისია დავასახელოთ სოციალური ქსელი Weibo, ვიდეოპლატფორმა Bilibili, ვიდეოკლიპების  გაზიარების აპლიკაცია Kuaishou და ჩინეთში პოპულარული მესინჯერის, WeChat-ის ოპერატორი – Tencent -ი.