კაია კალასმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მის მეუღლეს არასდროს ჰქონია საქმე რუსეთის ფედერაციასთან

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა, მისი მეუღლის „რუსული ბიზნესის“ გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე, უარყო ბრალდებები პარლამენტთან, რომ მას რუსეთთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა, – ამის შესახებ ERR წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი მეუღლის კომპანია ახდენდა ტრანსპორტირებას ესტონური კომპანიის ორ ქარხანას შორის, რომელთაგან ერთი რეალურად მდებარეობდა რუსეთში.

„როგორც კი ეს ცნობილი გახდა, მეორე დღესვე პრესკონფერენციაზე შევძელი, მეთქვა, რომ მეუღლის კომპანია წყვეტს ესტონურ კომპანიასთან მომსახურებას და მეტიც, პარასკევს ჩემმა ქმარმაც დატოვა ამ კომპანიის აქციონერები. არანაირი კავშირი აღარ არის“, – თქვა კალასმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები და ქმედებები ყოველთვის შეესაბამება მის რწმენას, ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს ყველაფერს, რასაც ამბობდა სკანდალის დაწყებამდე და შესაბამისად იმოქმედებს.

„მე ვთქვი, რომ რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი აქტივობა უნდა შეწყდეს, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება. ასე რომ, ჩემი მორალური შეფასებები ზუსტად ისეთივე რჩება, როგორიც იყო ადრე და იქნება მომავალშიც. ეს ჩემი ქმედებებით ვაჩვენე“, – აღნიშნა კალასმა.

კალასმა მისი მეუღლის ბიზნესის შესაძლო კავშირების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დაპირისპირებას უწოდა „ჯადოქრების ნადირობა“, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ. მისივე თქმით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.