„ამ შესაძლებლობას ვიყენებ იმისთვის, რომ დაგარწმუნოთ – ყოველთვის ვიდგები რუსეთის გვერდით“, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
კიმ ჩენ ინმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის და თქვა, რომ ბევრი საკითხი აქვთ განსახილველი, რაზეც მათ ქვეყნებს თანამშრომლობა შეუძლიათ.
„როგორც თქვენ თქვით, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული დღის წესრიგი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საკითხები, ითვალისწინებს ბევრ მიმართულებას, რაზეც ჩვენმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ დახმარება მივიღოთ ჩვენს ომში დამოუკიდებლობისათვის, რასაც ჩვენი ქვეყნების ხალხები მოელიან. ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, ეს მომენტი ემსახურება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანას“, – მიმართა კიმ ჩენ ინმა პუტინს.
როგორც CNN წერს, კიმ ჩენ ინმა რუსეთი შეაქო „საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ჰეგემონური ძალებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის“ და აღნიშნა, რომ გამოთქვამს „სრულ და უპირობო მხარდაჭერას ყველაფრისადმი, რასაც რუსეთი საპასუხოდ აკეთებს“ – „ამ შესაძლებლობას ვიყენებ იმის სათქმელად, რომ ანტი იმპერიალიზმისა და დამოუკიდებლობის ფრონტზე, მე ყოველთვის ვიდგები რუსეთის გვერდით“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.