რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიკაციას მოსკოვში არამეგობრულ ნაბიჯად განიხილავენ. მარია ხაზაროვამ ამ საკითხზე ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ სომხეთის ელჩი რუსეთში გამოძახებული იყო რუსეთის საგარეო უწყებაში, რაც ერევნის მიერ იყო არამეგობრული ნაბიჯი.
„ჩვენ კვალიფიკაცია მივეცით ამას. მოტივაცია ერევანმა თავად უნდა დააკვალიფიციროს, ახსნა-განმარტება სომხურ მხარეს მოუწევს და არა ჩვენ. რატომ აკეთებენ ამას, რისთვის? სხვათაშორის მათ წარმოადგინეს საკუთარი შეფასებები, მაგრამ ჩვენ ამ ნაბიჯებს განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს, რის შესახებაც არაერთხელ ვუთხარით ჩვენს სომეხ კოლეგებს, პარტნიორებს, მეგობრებს ორმხრივი არხებით. რაღაც ეტაპზე ამის შესახებ დავიწყეთ საჯაროდ ლაპარაკი, რადგან კითხვები სულ უფრო მეტი გაჩნდა, რადგან ეს არ იყო სომხეთის მიერ გადადგმული მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომელიც სომხური მხარეც ხვდებოდა, რომ ჩვენს სამართლიან კითხვებს გამოიწვევდა, მაგრამ ეს იყო ასეთი ნაბიჯების კომპლექსი, ელჩის გამოძახების დროს და ჩვენი ნაბიჯების ახსნისას, ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ, მათ შორის საჯაროდაც“, – განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიკაცია გასულ კვირას მოახდინა. რომის სტატუტი გახლავთ ხელშეკრულება, რომლითაც მოქმედებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. მანამდე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების განკარგულება გასცა.