მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აფრიკაშიც გააქტიურდა. გაუგონარი თავხედობა გამოავლინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც რუსეთს დასდო ბრალი აფრიკაში „ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკის“ გატარებაში. საფრანგეთი, რომელიც ისტორიულად, კლასიკური კოლონიალისტური ქვეყანაა, განსაკუთრებით, აფრიკასთან მიმართებით, რუსეთს სდებს ბრალს ნეოკოლონიალიზმში – სახელმწიფოს, რომელსაც არასოდეს ჰქონია კოლონიები და არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყენებით უცდია ოდესმე ნეოკოლონიალური პოლიტიკის გატარება.
პირიქით, აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოთა – უწინ, ევროპელთა კოლონიების, დიდი უმრავლესობა, აღიარებს რუსეთის, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის, დადებით ისტორიულ როლს, აფრიკის გათავისუფლებაში დასავლური კოლონიალიზმისაგან.
კოლონიალიზმის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ფორმა აფრიკის კონტინენტზე სწორედ ფრანგული კოლონიალიზმი გახლდათ. ყოფილი ფრანგული კოლონიები, თუკი ალჟირსა და მაროკოს არ ჩავთვლით, ყველაზე უფრო ჩამორჩენილები არიან დღევანდელ აფრიკაში. ეს არა მარტო იმიტომ, რომ საფრანგეთი ოდესღაც ძარცვავდა ე. წ. საჰელის ზონის ქვეყნებს. არა, ეს ძარცვა ანუ ნეოკოლონიალიზმი, რომელშიც საფრანგეთი რუსეთს სდებს ბრალს, დღემდე გრძელდება. სწორედ ამიტომ მოხდა საფრანგეთის მიერ კონტროლირებული რეჟიმების დამხობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, ბურკინა-ფასოში და ნიგერში – წიაღისეულით საკმაოდ მდიდარ ქვეყნებში, რომელთა სიმდიდრეებს ფაქტობრივად საფრანგეთი აკონტროლებს და ამ კონტროლისგან თავის დახსნას ცდილობენ ჩამოთვლილ სახელმწიფოთა ახალი მმართველები, სამხედროები. ისინი, თავიანთ მოსახლეობასთან ერთად, იმედის თვალით რუსეთს უყურებენ.
საფრანგეთის აბსურდულ ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მკვეთრად, მაგრამ აბსოლუტურად სამართლიანად უპასუხა:
„პარიზი, რომელსაც ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, აფრიკის კონტინენტზე უამრავი სისხლიანი დანაშაული აქვს ჩადენილი და აფრიკას დღეს განიხილავს, როგორც საკუთარ უკანა ეზოს, ბრალდებებს უყენებს მოსკოვს, რომელმაც წამყვანი როლი შეასრულა კონტინენტის ხალხების კოლონიალური უღლისგან გათავისუფლებაში, მათი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობაში, ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობის საფუძვლების შექმნაში“ – აღნიშნა ლავროვმა, რომელმაც ფრანგების ანტირუსული გამოხდომა „კლინიკურ შემთხვევად“ შეაფასა.
ის, რომ აფრიკის სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა (პრაქტიკულად ყველა) არ მიიჩნევს რუსეთს კოლონიზატორად, არამედ პირიქით, რუსეთთან თანამშრომლობა სურს, ზაფხულში სანკტ-პეტერბურგში გამართულმა ფორუმმაც დაადასტურა.
რუსეთის აფრიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ქვემოთ გთავაზობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის პრორექტორის, ოლეგ კარპოვიჩის სტატიას, სათაურით – “ნეოკოლონიალიზმის დასამარება“:
რუსეთ-აფრიკის სამიტისა და ფორუმის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მდგომარეობს არა ხელმოწერილი შეთანხმებების მშრალ რაოდენობაში ან ოფიციალური განცხადებების ტექსტებში, არამედ იმაში, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა ამჟამინდელი გლობალური ცვლილებების ფონზე.
გავიხსენოთ ის ვითარება, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობებში თითქმის წელიწადნახევრის წინ, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე. თავისი სურვილით ურცხვად ისარგებლოს ამ მოვლენამ „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, ვინაიდან ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ უღრმავდებოდნენ უკრაინის სიტუაციის გამწვავების რთულ მიზეზებს. დასავლეთმა, თავის მხრივ, მოისურვა, ურცხვად ესარგებლა შექმნილი ვითარებით და ღიად გამოაცხადა რუსეთის იზოლაციისა და მისგან ტრადიციული მოკავშირეების ჩამოშორების იმედები.
ჩვენმა დასავლელმა ოპონენტებმა დიდი ძალისხმევა მოახდინეს აფრიკელ ლიდერებთან მუშაობისთვის, რომლებსაც ტყუილ-მართალი მეთოდებით არწმუნებდნენ, რომ დამდგარიყვნენ „ისტორიის სწორ მხარეს“. თუმცა, როგორც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პირველივე კენჭისყრების შედეგებმა აჩვენა, ვაშინგტონმა და ევროპულმა დედაქალაქებმა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შეაფასეს თავიანთი გავლენა აფრიკაზე, რომელიც გამომდინარეობს ცივი ომისა და კოლონიური იმპერიების ეპოქებში დასავლეთზე აფრიკის დამოკიდებული მდგომარეობიდან.
ჩვენმა აფრიკელმა მეგობრებმა სწრაფად გამოიცნეს დასავლური მიდგომების ეშმაკობა, შეძლეს პარალელების გავლება საკუთარ ბედსა და უკრაინულ ტრაგედიას შორის. მათ, საბოლოო ჯამში, მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ისინი არ აპირებდნენ მორჩილ მარიონეტებად გადაქცევას და ყოფილი ბატონების ინსტრუქციების დაუფიქრებლად შესრულებას.
აფრიკაში – და სამიტმა ნათლად აჩვენა ეს – იზრდება გაცნობიერება იმისა, რომ სწორედ რუსეთს, სხვა “არადასავლურ” ლიდერებთან ერთად, შეუძლია დაეხმაროს მრავალტანჯულ კონტინენტს, რათა აფრიკის ქვეყნების ჰუმანიტარული, ეკონომიკური, საკვებ-სასურსათო და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები წარსულში იქნას მოტოვებული.
ნიშანდობლივია მარცვლეულის შეთანხმების გარშემო განვითარებულ დრამასთან დაკავშირებული შუალედური შედეგი. შეთანხმების არგაგრძელების საკითხის გამოყენებას დასავლეთი შეეცადა მსოფლიოს ყველაზე უფრო ღარიბი ქვეყნების თვალში მოსკოვის დისკრედიტაციის მოსახდენად. შედეგად კი, დასავლეთმა, თავის მიერ ორგანიზებული მრავალსვლიანი პროვოკაციის შედეგად მიიღო არა რუსეთის დისკრედიტაცია, არამედ რუსეთის მიერ აფრიკაში უანგაროდ გაგზავნილი სასურსათო დახმარების მასშტაბების ზრდა, ტლანქი ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების გვერდის ავლით, როგორადაც გვევლინება, მაგალითად, ყბადაღებული „შავი ზღვის ინიციატივა“.
მსგავსი პროცესები მოხდა უსაფრთხოების სფეროშიც. მაშინ, როცა, ვთქვათ, საფრანგეთი გუშინდელ კოლონიებში მრავალდონიან ინტრიგებს ხლართავდა, ცდილობდა რა ადგილობრივი პოლიტიკური ძალების გაყოფასა და გავლენის მოხვეჭას „კონტროლირებული ქაოსის“ რეჟიმში, რუსეთმა აჩვენა მზადყოფნა, სწრაფად და ეფექტურად აღეკვეთოს სამოქალაქო კონფლიქტების ზრდა.
მინდა აღვნიშნო, რომ მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩვენი ქმედებების ბრწყინვალე შედეგი, რომელიც შეიძლება ექსტრაპოლირებული იყოს, მაგალითად, ნიგერიასა და ბურკინა-ფასოში, არ იყო განპირობებული ცალკეული „კერძო სამხედრო კომპანიის“ ქმედებებით, არამედ უმაღლეს დონეზე კოორდინირებული ყოვლისმომცველი და სისტემატური ნაბიჯებით. სინამდვილეში, სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ ადგილობრივმა წარმატებულმა ისტორიებმა პანიკური რეაქცია ამერიკულ და ევროპულ ელიტაში, რომლებიც აშკარად ხედავენ რუსეთის აფრიკაში დაბრუნების ტენდენციას.
სანკტ-პეტერბურგის სამიტი ჩვენს ტრადიციულ თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან ერთობლივი მზადყოფნის დემონსტრაციად იქცა, მოხდეს ცალკეული მიღწევების გარდასახვა მრავალგეგმიან სისტემურ მუშაობად, რომელიც მიმართული იქნება კოლონიალიზმის მემკვიდრეობისგან აფრიკის კონტინენტის გათავისუფლებისკენ.
მთავარი ფაქტორი იმაში მდგომარეობს, რომ ამ სტრატეგიის განხორციელება მოხდება არა კონკურენციის პირობებში, არამედ დაწყებული მრავალპოლუსიანობის ვითარებაში, სხვა ძალის ცენტრებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ძალის ცენტრებთან, როგორებიცაა – ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი. გლობალურ უმრავლესობას ლოგიკურად ესმის ისტორიული გარდატეხის ფორსირების აუცილებლობა, რაც აფრიკის ქვეყნებსა და ხალხებს დაუბრუნებს კონტროლს საკუთარ სიცოცხლეზე, საკუთარ ბედზე.
პირველი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით იდგმება უკრაინაში, სადაც პირველად მოხდა „ოქროს მილიარდის“ მიერ მხარდაჭერილი ნეოკოლონიური მოდელის გამოწვევა. ამასთან დაკავშირებით, გავიხსენოთ ნელსონ მანდელას წინასწარმეტყველური სიტყვები:
„თავისუფლებისკენ მიმავალი ჩვენი გზა შეუქცევადია. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება შიშს, წინ აღგვიდგეს ამ ჩვენს გზაზე“.