ლიბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10000-ს გადააჭარბა

ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 10000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 8000 ადამიანი.

„ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნას აგრძელებენ“, – იტყობინება სახელმწიფო მედია.

ლიბიაში გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ წყალდიდობის გამო 30 000-ზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია.

წყალდიდობა ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა.

ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია დერნა, რომელიც მდებარეობს ბენღაზის აღმოსავლეთით 300 კილომეტრში (190 მილი), რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია.

ორი კაშხლის ჩამონგრევამ ვითარება კიდევ უფრო მძიმე გახადა.