რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სიცრუეა, რომ მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მოლაპარაკებებისას მოხალისეების გაგზავნა სთხოვა უკრაინაში საბრძოლველად.
„მინდა ვთქვა, რომ ეს სრული სისულელეა. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჩვენ უკვე გვყავს 270 000 ჩვენი კაცი, ჩვენი მეომრები, რომელთაც აქვთ გაფორმებული კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, მაგრამ ეს მონაცემები უკვე მოძველებულია. დღეს დილით შემატყობინეს, რომ გვყავს 300 000. კონტრაქტს ხელი მოაწერეს ადამიანებმა, რომლებიც, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მზად არიან თავიანთი სიცოცხლე შესწირონ სამშობლოს ინტერესებს, დაიცვან რუსეთის ინტერესები“,- აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მათი მხრიდან სიტუაციის ესკალაციას ადგილი არ აქვს.
„რაც შეეხება რაღაცის პროვოცირებას, სიტუაციის ესკალაციას, საფრთხეს ვინმესთვის – ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მეზობელია და მათ უნდა დაამყარონ კეთილმეზობლური ურთიერთობები. პუტინის თქმით, ისინი არანაირი წესის დარღვევას არ აპირებენ.