სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის გარეშეც საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, რომ ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ მომავალს. ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი „ენჯეო“ უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში გადატრიალების მცდელობები არაერთხელ ყოფილა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის ახდენდა ამის პრევენციას.
„შარშან ივნისში, როგორც კი ევროპულმა კომისიამ თავისი შეფასება და რეკომენდაცია გამოაქვეყნა, მეორე დღეს რამდენიმე „ენჯეომ“ აქცია მოაწყო პარლამენტის წინ და მთავრობის გადადგომას ითხოვდა. ითხოვდნენ, მათი თანხმობით დაკომპლექტებულიყო მთავრობა და ეს თუ არ მოხდებოდა, რამდენიმე დღეში წალეკავდნენ ყველაფერს. ამას აკეთებდა უცხოური დაფინანსებით მოქმედი რამდენიმე ელიტური „ენჯეო“ და შემდეგ ამბობდნენ, რომ მათი ბრალი არ იყო. ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო „სირცხვილია“. წელიწად-ნახევრის განმავლობაში ოპოზიცია სწორედ ამას აკეთებდა, რაიმენაირად ხელი შეეშალა საქართველოსთვის ევროპულ გზაზე, იქნებ, არ მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი ან ისე მოენიჭებინათ, რომ დასამადლებელი გამხდარიყო და შემდეგ მღელვარებები გამოიწვია საზოგადოებაში. სუს-ის ინფორმაციის გარეშეც საზოგადოება ხომ თვალნათლივ ხედავს, რომ ხელს უშლიან ქვეყნის ევროპულ მომავალს. ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი „ენჯეო“ თანამშრომლობს უცხოეთის სპეცსამსახურებთან. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე არის ადამიანი, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პირდაპირ დააორგანიზა ჩვენს ქვეყანაში არეულობა. აქედან კიდევ ემოციური კავშირი აქვთ გია ლორთქიფანიძესთან. არ მომხდარა ასეთი რამე არ იყო გადატრიალების მცდელობები?
2020 წლის არჩევნების შემდეგ არაერთი „ენჯეო“ იყო ჩართული, გაევრცელებინა ყალბი ინფორმაცია პარალელურ დათვლაზე, რომელიც ოპოზიციის ხელში ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, გამოეწვია სახალხო მღელვარება. ერთი თვე უმალავდა საზოგადოებას ეს „ენჯეო“ და დონორი, რომ ეს იყო ტყუილი და ავრცელებდნენ ტყუილს. მხოლოდ მაშინ უარყვეს, როდესაც ნახეს, რომ პარლამენტი შეიკრიბა და რეევოლუციური სცენარი ჩაიფუშა; არ იყო მცდელობები 7-8 მარტს, როდესაც „მოლოტოვის“ კოქტეილს ისროდნენ და პარლამენტს სწვავდნენ? შედეგი ისაა, რომ ასეთი სახელმწიფო გადატრიალება არ შედგა. ესაა მთავარი სიძლიერე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურისა, რომ შედეგები არ უნდა დადგეს და ამის პრევენციას წარმატებით ახდენს.
2020 წლის არჩევნების შემდეგ რევოლუციური გეგმები ჩაეშალათ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის შემოპარვით ჩაეფუშათ ეს გეგმა, 7-8 მარტს იგივე გეგმა ჩაეფუშათ. გახსოვთ, ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი როგორ ამბობდა, მწვანე შუქი გვაქვს, როგორ შევვარდეთ პარლამენტშიო. ეს ეხება სერგი კაპანაძეს, რომელიც ვერ ჩამოყალიბებულა, პოლიტიკოსია თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელი. სუს-მა ისიც თქვა, რომ პარტნიორ ქვეყნებთან მოხდება ამ ინფორმაციის გაცვლა და ველოდებით დახმარებას, რომ ასეთი დესტრუქციული იდეები არ განხორციელდეს.
პუტინის სტილში მოქმედებს გია ლორთქიფანიძე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწყობს არეულობას. რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, თავის მხრივ, უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ცდილობს, რომ გააკეთოს საქართველოში არა მხოლოდ რბილი, არამედ უხეში ძალით. რომელიმე „ენჯეო“ ან რომელიმე ოპოზიციონერი გაბედავს, დადგეს თავისი ქვეყნის მხარეს და არა უკრაინის დაზვერვის მხარეს?
უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი ჩვენ გვიწყობს არეულობას, როცა საქართველო ომში მყოფ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. ამაზე მეტი სკანდალი რაღა უნდა იყოს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა, მათ შორის სააკაშვილის შემოპარვაზე და ძველ საქმეებზე, მათ შორის 26 მაისზე.
უკრაინა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად იქცა უმაღლეს თანამდებობებზე: გია ლორთქიფანიძე, რომელიც დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი მართლმსაჯულების სისტემაში. ადამიანი, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა ჩამოაყალიბა, დღეს უკრაინაში მართლმსაჯულების რეფორმების განმახორციელებელია. ასევე სხვა ადამიანები, ზოგი ყოფილი ქართველი თუ ეროვნებით ქართველი თავის ფეისბუქგვერდებს რომ აკეთებს ქართულად და ქართულად ვიღაცები უწერენ ტექსტებს. განა, არსებობს ამაზე მეტი სირცხვილი? ქართველი ხალხის სოლიდარობის ფონზე, უკრაინის ხელისუფლების ერთი ნაწილი ქვეყანაში ვითარების არევას ცდილობს. ხომ ვიცით, რას ნიშნავს ეს – აქ თუ აირია, ვისი ტყვია გავარდება, ვისი ტანკი დადგება და ამას რომ აკეთებს ის ქვეყანა, რომელიც ამის მსხვერპლია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.