ალუდა ღუდუშაური – სირცხვილია, როდესაც ვაშაძე ლაპარაკობს ევროპულ ღირებულებაზე და თან ქურქუმალ ვაითის გვერდით ზის, რომელთაც ერთ ხელში ცოცხი ეჭირათ, მეორეში – ხელკეტი

როგორც ჩანს, მათ დაიწყეს საარჩევნო კამპანია და ისედაც დაკარგული სახის კიდევ უფრო მეტად დაკარგვის ფსკერის დაპყრობა. სირცხვილია, როდესაც ვაშაძე ლაპარაკობს ევროპულ ღირებულებაზე, თან საუბრობს თავისუფალ ბიზნესზე, ადამიანის უფლებაზე და ქურქუმალ ვაითის გვერდით ზის, რომლებსაც ერთ ხელში ცოცხი ეჭირათ და მეორეში – ხელკეტი. რა გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის? ჩვენი ხალხისთვის? რომელ თავისუფალ ღირებულებაზე საუბრობს, ძალიან საინტერესოა. სამარცხვინოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამისთვის და საქართველოს მომავალი ნამდვილად არის ევროპულ ღირებულებებთან, რომელთან არანაირი საერთო აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვაშაძეს.

„პირველ რიგში, მივმართავ ბრძენ ქართველ ხალხს, ნამდვილად სირცხვილია, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან ვუსმენთ ამ ადამიანების ბოდვას და სისულელეს. მე ვიცი ქართველი ხალხის განწყობა და ნამდვილად სირცხვილია. მოგვიწოდებს ეს „ფარჩაკი“ ვაშაძე ხალხთან იყავითო, თვითონ კი სად დგას, მიკროფონს არ აძლევენ, ხალხთან მიტუზულია. ის, სადაც არის ახლა მიკედლებული, დედაბუნება თუ დედასამშობლო, ეს არის მისი წიაღი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის მისი ღირსების საქმე. ეს შეკრებილი კოჰორტა ნამდვილად დარჩება ქართველი ხალხის მეხსიერებაში, როგორც ქართველი ხალხის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.