პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას საერთო დღის წესრიგი და საერთო პატრონი ჰყავთ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წლის წინ გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც სახელმწიფოს დიპლომატიური უხერხულობები შეუქმნა და არ გამორიცხავს, ეს პრეზიდენტის მხრიდან შეგნებული ნაბიჯი ყოფილიყო.
„სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, რატომ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი დასკვნები, ინფორმაცია, რატომაც გავიდა ჩარჩოებიდან. რეალურად, საერთო დღის წესრიგი აქვთ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რადგან მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს ხშირად გვითქვამს და ესაა ძირითადი მიზეზი, რატომაც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. იცით, რომ, ზოგადად, რისკები არის დაკავშირებული ამ ქალბატონთან, ეს ახალი ამბავი არ არის. პირველად ეს რისკები გამჟღავნდა, თუ არ ვცდები, 2019 წელს, როდესაც მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც სახელმწიფოს შეუქმნა უხერხულობები, დიპლომატიური უხერხულობები, ჯერ აზერბაიჯანთან, შემდეგ თურქეთთან. დღევანდელი გადმოსახედიდან არ გამოვრიცხავთ, რომ მაშინაც მან ეს ყველაფერი გააკეთა შეგნებულად. სხვანაირად ძალიან რთულია იმ ორი კონკრეტული განცხადების ახსნა, რომელმაც დიპლომატიური უხერხულობები შექმნა. დღეს ის პირდაპირ ლობირებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქაც ჩვენი ეჭვები არსებობს. არა მარტო ეჭვები, არამედ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ შეიძლება აკეთებდეს ამ ყველაფერს და რატომ შეიძლება მოქმედებდეს ზუსტად იმავე დღის წესრიგით, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.