პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ და პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შშმ პირთა უფლებების საკითხებში, ჯერარდ ქვინს უმანსპინძლეს.
სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის მიზანია საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გაცნობა და ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის საფუძველზე სპეციალური მომხსენებელი მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UN Human Rights Council) 55-ე სესიაზე წარადგენს.
პარლამენტის წევრებმა სტუმარს გააცნეს ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები როგორც ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესების, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ახალი ვალდებულებების მიმართულებებით. საუბარი შეეხო პარლამენტში მიმდინარე პროექტებსა და სამუშაოს, რაც შშმ პირთა უფლებების უკეთ რეალიზებას შეუწყობს ხელს.
სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს კანონმდებლობის, პოლიტიკის და აღსრულების გაუმჯობესების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.