სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობის გამოსაყენებლად, დავიწყეთ პროცესი სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ურთიერთობების სრული ნორმალიზებისთვის. ამავე სულისკვეთებით თავიდანვე მხარს ვუჭერთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს, თუმცა სომხეთი ამ ისტორიული შანსის სრულ შესაძლებლობებს არ იყენებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ელოდება, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი.
„ჩვენ გვაქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სიწყნარის და თანამშრომლობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობის სრულად გამოსაყენებლად ჩვენ დავიწყეთ პროცესი სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და ურთიერთობების სრული ნორმალიზებისთვის. ამავე სულისკვეთებით ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუმცა სომხეთი ამ ისტორიული შანსის სრულ შესაძლებლობებს არ იყენებს. ჩვენ ველოდებით, რომ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი და დაპირებები სრულად შესრულდება, განსაკუთრებით კი, ზანგეზურის დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით. ყარაბაღი არის აზერბაიჯანი, ნებისმიერი სხვა სტატუსი არასდროს იქნება მისაღები. ყველას აქვს აზერბაიჯანის მიწაზე თანაცხოვრების უფლება, მათ შორის სომხებს და ეს უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი მიზანი. ჩვენ აზერბაიჯანთან ერთად წინ მივიწევთ ერთი დევიზით, რომ ჩვენ ვართ ერთი ერი – ორი სახელმწიფო“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა: „ნეგატიური მოვლენები, რომელიც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, უნდა დაიგმოს. საჭიროა, დაუყოვნებლივ გადაიჭრას რეგიონში განვითარებული მოვლენები, რისი იმედიც მაქვს“.