თბილისში, გვიან ღამით, კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
მკვლელობა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. როგორც ცნობილია, დამნაშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.
კაცი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება უკვე დაწყებულია.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 11პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას. შემთხვევას შეესწრო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პირი“, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩანა კვარაცხელიამ.