ლევან ხაბეიშვილი – ვიჩხუბებთ, თუ საჭიროა, თავსაც დავიცავთ, მოვუწოდებ მოქალაქეებს, შევიკრიბოთ რუსთაველზე, ყველა ერთად შევთანხმდეთ, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე

მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, რათა ყველა ერთად შევთანხმდეთ, მათ შორის სამოქმედო გეგმაზე, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ყველამ კარგად ნახა, მათ შორის ფარცხალაძეს „ფეესბეს“ აგენტის დამცველები. ეს ადამიანები საკუთარ თავს იცავდნენ, რადგან ჯერ არ არიან მხილებული და არიან ეჭვმიტანილები. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც ხელს იქნევდა, ვინც აქტიურობდა, ვინც იცავს ფარცხალაძეს, ჩართული არიან ჯაშუშურ საქმიანობაში, ანუ საქართველოს ღალატში. დღეს ფაქტობრივად საკუთარი სახე აჩვენეს, როცა „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს იცავდნენ საქართველოს პარლამენტში.

გზავნილებით, რომლითაც ემიგრაციიდან ასიათასობით, მილიონობით დოლარს იღებს საქართველოს სხვადასხვა მოქალაქე, ასიათასობით ემიგრანტი ფულს აგზავნის ყოველთვიურად, ამას ვეღარ გააკეთებენ. ამას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ რუსული ხელისუფლება, რომ თქვენ ეს გზავნილები ვერ მიიღოთ, საქართველო იყოს სანქცირებული, პენსიები ვერ აიღოთ, გადარიცხვები ვერ გააკეთოთ. ივანიშვილი აბსოლუტურად ყველაფერზე მიდის. ცხადია, ჩვენ არ ვაპირებთ, ამ რუსებს დავუთმოთ ეს ქვეყანა. ფიზიკურად თუ არის საჭირო, ცხადია, ვიჩხუბებთ, თავსაც დავიცავთ, საკადრის პასუხსაც გავცემთ. დღეს ყველამ ნახა აკანკალებული კობახიძე. ერთი კონკრეტული კითხვა გვაქვს, რატომ აქვს მათ შორის, ფარცხალაძეს დღემდე საქართველოს მოქალაქეობა. რატომ იცავენ „ფეესბეს“ აგენტს.

ცხადია, ჩვენ არაფრის გვეშინია. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, საღამოს შვიდ საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, რათა მათ შორის სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ ყველა ერთად. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქის ჩართულობა. ჩვენ არც დავიღლებით, არც გვეშინია, ფიზიკურადაც დავიცავთ ამ ქვეყანას. ამიტომ თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია. 19:00 საათზე შევიკრიბოთ, რათა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ უახლოესი დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.