რა ვითარებაა მთიან ყარაბაღში ამ დროისთვის

მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზზე, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. გუშინ დაწყებული სპეცოპერაციის შესაწყვეტად აზერბაიჯანმა ულტიმატუმი წამოაყენა.

ბაქო სტეპანაკერტისგან უპირობო კაპიტულაციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას აანონსებს.

ამავდროულად, აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში მთიან ყარაბაღში სომეხი სამხედროების 60-ზე მეტ პოზიციას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ოფიციალური ერევანი კი რეგიონში სომხური ძალების ყოფნას კატეგორიულად უარყოფს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ჯანდაცვის უწყება კი 27 დაღუპულისა და 200-მდე დაშავებულის შესახებ იუწყება. რეგიონის მმართველობის ცნობით, არცახის რაიონში მოსახლეობა მიწისქვეშა თავშესაფრებში ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

დასახლებულ პუნქტებს სტეპანაკერტთან კავშირი აღარ აქვთ. რაიონში მცხოვრები 16 თემიდან 7 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადეს.