გაყიდული “ექსპერტების” პროპაგანდა – “ეროვნული ბანკი სასამართლოზე მაღლა დგას”, “საერთაშორისო სანქციებს უპირობოდ უნდა დავემორჩლოთ”!

ასეთი ტიპის პროპაგანდა გააჩაღეს ფსევდოექსპერტებმა, როგორიც, მაგალითად, ვინმე ჩარგეიშვილია. მას შეკითხვებით მიმართავს სოროსული “ინტერპრესნიუსი” და ეს “სიბრძნის ორაკულიც” დიდი ბღენძით პასუხობს “ამომწურავად”. გთავაზობთ მასალის შინაარსს, შესაბამისი კომენტარებით:

ფოტოზე: “ექსპერტი” ჩარგეიშვილი. ვინაიდან იგი არ სცნობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ჩვენც ვარღვევთ ამ პრეზუმფციას და მას მოსყიდულ ფსევდოექსპერტს ვუწოდებთ.

“კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს,” – ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გუშინ გააკეთა, მას შემდეგ, რაც კანონმდებლობაში ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს არ შეეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშებზე, სანამ სასამართლო არ დაადგენს ამას.

კომერციულმა ბანკებმა ამ გადაწყვეტილებიდან მალევე გაავრცელეს განცხადებები, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. თუ რას გულისხმობდა ნათია თურნავა იმაში, რომ კომერციული ბანკები რეგულატორს უნდა დაემორჩილონ, ამის დასაზუსტებლად “ბიზნესპრესნიუსი” დაუკავშირდა ბიზნეს სამართლის სპეციალისტს, აკაკი ჩარგეიშვილს, რომელსაც მიაჩნია, რომ ამგვარი განცხადება კომერციული ბანკების მიმართ მუქარის შემცველია.

“ეროვნულმა გუშინდელი ბრძანებით, შეზღუდა კომერციული ბანკების საქმიანობა, ეს კი გამოიხატება იმაში, რომ თუკი სანქცირებული პირი თავისუფლად ოპერირებს, გამოდის, რომ კომერციულმა ბანკმა ამ პირს უნდა მისცეს შესაძლებლობა გადარიცხვების, რაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ქართული ბანკების შეზღუდვას გამოიწვევს, რადგან ყველა ტრანზაქცია შუალედური, მედიატორი ბანკების საშუალებით მიმდინარეობს საერთაშორისო გადარიცხვებისას.

რეალურად, სებ-ი პირდაპირ დაემუქრა კომერციულ ბანკებს. ფაქტობრივად, სებ-მა მათ უარის თქმის უფლება წაართვა და თუკი ისინი სანქცირებულ ადამიანს მოემსახურებიან, აქეთ დაუწესდებათ სანქციები. ამის თავიდან ასარიდებლად, კომერციული ბანკები, სავარაუდოდ, სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას დაიწყებენ,” – ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.

აკაკი ჩარგეიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ საერთაშორისო სანქცირების პრინციპი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და ეროვნულ ბანკს საქმის გასარკვევად სასამართლო არ ესაჭიროება, რადგან თავად შეუძლია მოკვლევა საკითხზე.

“ეროვნული ბანკში, რომელიც ყველაზე მეტადაა კონსტიტუციით დაცული, დამოუკიდებელი, ავტონომიური ერთეული, პოლიტიკური კომპონენტის შეღწევა მოხდა. გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციას.

ეროვნული ბანკი გადაფარულია ორგანული კანონით, რადგან ის მაღლა დგას სხვა პროცესუალურ თუ მატერიალურ ნორმებთან მიმართებაში, შესაბამისად, ევროპარლამენტის თუ აშშ-ის მიერ სანქციების გამოცემისას არ ხდება სასამართლო წესით დადგენა, აქ ხდება მოკვლევა, რომლის ინსტიტუცია თვითონ ეროვნულ ბანკსაც გააჩნია, რათა ადმინისტრაციულად შეისწავლოს, რასთან აქვს საქმე. ეს ჰარმონიაშია მოსული სხვა საერთაშორისო სისტემებთანაც. ქართული ბანკების მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა, საერთაშორისო არენაზე თავად კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის სანქცირებას გამოიწვევს. სასამართლო სებ-ს მაშინ სჭირდება, თუ სხვა უჩივლებს მას,” – ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.

კომენტარი – ცნობისათვის:

  1. ორგანული კანონით, სებ-ი პირველ ყოვლისა, ვალდებულია, აკონტროლოს კომერციული ბანკების საქმიანობა, ხოლო საქართველოს მოქალაქეები დაიცვას კერძო ბანკების (მევახშეების) თვითნებობისგან;
  2. სებ-ს შეუძლია მოკვლევა, მაგრამ როდესაც საქართველოს მოქალაქეს ბრალი ედება უცხოეთის ორგანოების მიერ, სებ-ი ვერ შეცვლის საქართველოს საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს, ვერ დაარღვებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს;
  3. საერთაშორისო სანქციებს ადგენს მხოლოდ გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო. ყველა სხვა სანქცია არის ცალმხრივი და იურიდიულად – არასავალდებულო. ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არის ევროპულ-ამერიკული და არა საერთაშორისო;
  4. სებ-ი ვერ დადგება საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა, კონსტიტუციით კი პრიორიტეტი კონკრეტული ადამიანის ძირითად უფლებებს ენიჭება და არა “საერთაშორისო სანქციებს”. ადამიანის ძირითად უფლებებში ძირეული არის ქონებრივი საკითხები, მათ შორის, საკუთარ საბანკო ანგარიშებზე თავისუფალი წვდომა და ფინანსური და სხვა სახის ქონების კანონიერი განკარგვა. აშშ და ევროკავშირი არასოდეს აქცევს სანქციების ქვეშ საკუთარ მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოთა მიერ გამოცემული სანქციების საფუძველზე, იქ ყველაფერს სასამართლო გზით წყვეტენ. დროა, ამაში დავემსგავსოთ ევროკავშირ-ამერიკას და არა უკანონობაში.

რედაქცია