„ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს კომერციულ ბანკებს აღარ ევალებათ, სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ”, – ნათქვამია „ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში. 

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია“.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იმ 150-ზე მეტ პირს შორის მოხვდა, რომლებსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა.

19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესის საგამონაკლისო ბრძანება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკის საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილებები მიიღეს ვიცე-პრეზიდენტებმა პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ასევე, თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

დღეს, 20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთან გადაიგზავნა.