პარიზის პროკურატურამ „ნაციონალური ფრონტის“ ყოფილი ლიდერი მარინ ლე პენი და პარტიის სხვა წევრები ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გამოძიების მტკიცებით, ევროპარლამენტის დეპუტატების თანაშემწეთა შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი ფული ლე პენმა და მისმა თანაპარტიელებმა „ნაციონალური ფრონტის“ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის დახარჯეს.
პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას.
გამოძიება 2016 წელს დაიწყო, საქმეში 20-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებს. მათ შორის არის პარტიის დამფუძნებელი, მარინ ლე პენის მამა ჟან-მარი ლე პენი, ევროპარლამენტის 11 ყოფილი და მოქმედი დეპუტატი.
თუ საქმე სასამართლომდე მივა, მარინ ლე პენს 10 წლამდე პატიმრობა და მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. გარდა ამისა, მას შესაძლოა 10 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალოს.
„ნაციონალურ ფრონტში“ ყველა ბრალდებას უარყოფენ.