ფაშინიანის ფლიდმა, გამყიდველურმა პოლიტიკამ მიზანს მიაღწია

სომხეთთან და კერძოდ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან დაკავშირებით დეტალურად ვილაპარაკე ერთი თვის წინანდელ სტატიაში, მოგვიანებით სატელევიზიო გადაცემებში, მაგრამ ჩემს ნათქვამს საჭირო რეაქცია არ მოჰყოლია, მარტივი მიზეზის გამო — საქართველოს პოლიტიკა — გართული ევროკავშირის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი საშინაო დავალების შესრულება—არშესრულებაში, მინიმალურ ყურადღებასაც არ აქცევდა კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

ფაშინიანის ფლიდმა, გამყიდველურმა პოლიტიკამ მიზანს მიაღწია

არა მარტო საქართველოს პოლიტიკა, მედიაც კი აინუნშიაც არ აგდებდა და აგდებს ჩვენს ორ მეზობელს — სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „აღორძინებულ“ კონფლიქტს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ძალისხმევით და შუამდგომლობით ჩაცხრა — ომის დაწყებიდან 44 დღის შემდეგ, თუმცა დაზავებას არ მოჰყოლია ორთა შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, რაც გვაფიქრებინებს სისხლიანი დაპირისპირების ახალი ძალით წამოწყებაზე.

პოლიტიკა და მედია, რომ მინიმალურ ყურადღებას არ აქცევს ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ თუ სხვა სახის მოვლენებს — სახეზეა, მაგრამ სამწუხაროდ არც საზოგადოებაა დაინტერესებული ამით, ქართული მყავს მხედველობაში, თორემ საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები  გაფაციცებით რომ ადევნებენ თვალს მათი ძმების სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას, ეჭვი არ მეპარება.

საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების რაოდენობა მნიშვნელოვანია და საქართველოს ერთიან დემოგრაფიულ სურათში სერიოზული ადგილი რომ უკავია, ფაქტია, თან ისეთი, ანგარიშგასაწევი რომ ჰქვია. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის რეალური რაოდენობიდან — არაუმეტეს 3 მილიონი ადამიანიდან, თითქმის მილიონი სომეხი და აზერბაიჯანელია.

აზერბაიჯანმა წამოიწყო ახალი ომი მთიანი ყარაბაღის მიმართულებით — დაიწყო რა ინტენსიური დაბომბვა სტეფანაკერტის. საომარი მოქმედების განახლებამ გამოიწვია ერევნელთა პროტესტი. ისინი გამოვიდნენ ქუჩებში და გაგულისებულებმა მოითხოვეს პრემიერ ფაშინიანის გადადგომა. გარდა ამისა, მიცვივდნენ რუსეთის საელჩოსთან — პუტინისა და ლავროვის გინებით.

პროტესტანტი სომხების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რაც ყარაბაღში ხდება; რუსეთია დამნაშავე იმაში, რომ სომხეთმა ომი წააგო აზერბაიჯანთან და ა.შ.

აღნიშნულის შემხედვარეს, ცხადია საქმეში ჩახედულს და არა სომხეთის ხელისუფლების, პირადად პრემიერ-მინისტრის პროპაგანდით გაბრიყვებულს, შეუძლია თქვას, რომ ფაშინიანის ფლიდმა, გამყიდველურმა პოლიტიკამ მიზანს მიაღწია.

რა მაქვს მხედველობაში? ფაქტები, პატივცემულო მკითხველო. ფაშინიანი და მისი გუნდი, რომელიც ხელისუფლებაშია, სოროსის გამოზრდილები არიან. მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ და აქვთ ანტირუსულად დამუხტულ დასავლელ სომხებთან — კერძოდ აშშ-საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრებლებთან.

ფაშინიანი უპირველესად ასრულებდა და ასრულებს დასავლეთის დავალებებს, რომელთა შორის გამოკვეთილია სომხეთში რუსეთის გავლენის შემცირება და ნულზე დაყვანა; გიუმრიში არსებული რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა ისე, როგორც რუსული სამშვიდობო ძალების, რომლებიც მთიან ყარაბაღში არიან.

ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მრავალსვლიანი გეგმის შემუშავება-განხორციელება — ყარაბაღის ახალი ომის სახით, რასაც ადგილი ჰქონდა 2020 წელს. ფაშინიანისა და მისი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ სომხეთი ომს ვერ მოიგებდა, ვინაიდან სამხედრო სამსახურში ჩართული ფაშინიანის პროდასავლური ოფიცრობა, მითუმეტეს სამოქალაქო პირები — არც გამოცდილებით და არც სამხედრო საქმის ცოდნით არ გამოირჩეოდნენ.

ომის დაწყებამდე აზერბაიჯანმა არა მარტო ახალი სამხედრო ტექნიკით აღიჭურვა თავისი ჯარი, არამედ სამხედრო საქმის მცოდნე სამხედროებით. აზერბაიჯანმა ჩამოაყალიბა მჭიდრო სამხედრო კავშირები თურქეთთან, ისრაელთან, რუსეთთან. მოკლედ რომ ვთქვათ, 2020 წლის ომს აზერბაიჯანი მომზადებული შეხვდა, სომხეთი კი არა და მიუხედავად ამისა ომი სომხეთმა დაიწყო.

იკითხავთ — თუ სომხეთის ხელისუფლებამ იცოდა, რომ ომისთვის ქვეყანა მზად არ იყო, რატომ დაიწყო ომიო?

პასუხი არის მარტივი — დაიწყო იმისთვის, რომ ის შედეგი მიეღო, რაც მიიღო! სომხეთმა ომის შედეგად დაკარგა წინა ომის დროს აზერბაიჯანისთვის წაგლეჯილი ტერიტორიები. ჯერი მთიან ყარაბაღზე მიდგა.

საბჭოთა კავშირის დროს აზერბაიჯანში შემავალი მთიანი ყარაბაღის ავტონომია, სადაც სომხები ცხოვრობდნენ, მუდამ იყო ორი ქვეყნის მწვავე კამათის საფუძველი, მაგრამ მისდამი ფაშინიანის დამოკიდებულება იყო დანარჩენი სომხებისგან განსხვავებული. ოპოზიციონერი ფაშინიანი საჯაროდ აცხადებდა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანისაა და უნდა დაუბრუნდეს მას. რომ ყარაბაღი, როგორც ეკალი, ისეა ამოსული სომხეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში, …

დავსვათ კითხვა — ფაშინიანის განცხადება, ფაშინიანისა იყო თუ დასავლეთი ავალებდა მას ამის თქმას?

პასუხი — ფაშინიანისა და კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი დაემთხვა ერთმანეთს. რაც შეეხება დამთხვევის მიზანს — შორს მიმავალია, თანაც ჩახლართული.

ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის ბედი ჯერ პრაღაში, ალიევთან მოლაპარაკებების დროს გადაჭრა — 2021 წლის ოქტომბერში, ხოლო შემდეგ — 2023 წლის მაისში ბრიუსელში ევროკავშირის შეფ შარლ მიშელთან და ალიევთან შეხვედრის დროს. ყარაბაღი აზერბაიჯანისაა და ის მას უნდა დაუბრუნდესო, — განაცხადა ფაშინიანმა.

პრაღა-ბრუსელის მოლაპარაკებებიდან, ფაშინიანის წყალობით მოკვეთილმა რუსეთმა სამართლიანად იკითხა — სომხეთი, აზერბაიჯანს რომ უბრუნებს ყარაბაღს, ექნება თუ არა მას ავტონომიის სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში; არიან თუ არა თანახმა ყარაბაღში მცხოვრები სომხები, პოლიტიკური სტატუსის გარეშე შევიდნენ აზერბაიჯანში და თუ არ არიან, რა ბედი ეწევა მათ?

მოსკოვის განმარტებით, სამშვიდობო ხელშეკრულებაში, რომლის ხელმოწერაც ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ყარაბაღის საკითხი და იქ მცხოვრები სომხების უსაფრთხოება.

აზერბაიჯანის განცხადებით, ყარაბაღს არ ექნება პოლიტიკური სტატუსი. ის, ისეთივე რაიონი იქნება, როგორც აზერბაიჯანში არსებული სხვა რაიონები. ხოლო ყარაბაღელ სომხებს თუ არ შეეძლებათ აზერბაიჯანში ცხოვრება, მათ შეუძლიათ სომხეთში გადასახლება ან სხვაგან წასვლა.

მოსკოვის განცხადებით, ასეთი განმარტება მიუღებელია, ვინაიდან არ ითვალისწინებს სომხების უსაფრთხოებას. რუსეთი თვლის, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ახალი კონფლიქტის დაწყება.

ვაშინგტონ-ბრიუსელი მხარს უჭერენ სამშვიდობო ხელშეკრულებას, ოღონდ ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების გარეშე.

რას ნიშნავს რუსეთისთვის მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანში შესვლა?

ყარაბაღი გახდება აზერბაიჯანის ტერიტორიული ერთეული, რაც აიძულებს რუსეთს გაიყვანოს თავისი სამშვიდობო ძალები ყარაბაღიდან.

ასე და ამრიგად, ფაშინიანი შეასრულებს დასავლელთა მიერ მიცემულ დავალებას — ჯერ-ჯერობით ერთს  — ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას. რაც შეეხება მეორე დავალებას — გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის დახურვას, ფაშინიანს ასეთი გეგმა აქვს: მეზობელ თურქეთთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენა — დიპლომატიურის, პოლიტიკურის, სავაჭრო-ეკონომიკურის, კულტურულის და ა.შ., რის განხორციელების შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ბაზა საჭირო აღარ იქნება.

გიუმრის სამხედრო ბაზა სომხეთს იცავს თურქეთისგან. თუ სომხეთ-თურქეთი ჩაეხუტებიან ერთმანეთს — რაღა საჭიროა რუსეთის სამხედრო ბაზა?

ამრიგად, ფაშინიანი შეასრულებს კოლექტიური დასავლეთის მეორე და მთავარ დავალებას — რუსეთის სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას, რაც თავისთავად ნიშნავს სომხეთზე რუსეთის გავლენის შემცირებას და არა მარტო სომხეთზე, არამედ ამიერკავკასიაზე!

იკითხავთ — სად არის ოპოზიცია, სომეხი ხალხი?!

გიპასუხებთ — მათ ვაშინგტონმა პირში ბურთი ჩათხარა და 4-წლიანი პროპაგანდით ანტირუსულად განაწყო. ამ საქმეში მას დიდ მხარდაჭერას უწევდა სომხეთში არსებული აშშ-ის საელჩო, დასავლეთის ქვეყნების სხვა საელჩოები.

ხელისუფლებისა და დასავლეთის აქტიური მეცადინეობით მოხდა ის, რასაც არვინ იფიქრებდა — რუსეთთან ჩახუტებული სომხეთის ანტირუსულად გადაკეთება. რუსეთის კავკასიიდან გაძევების პერსპექტივა.

კოლექტიურმა დასავლეთმა მიაღწია მიზანს, უფრო სწორად აღწევს. პროცესი დაწყებულია და როგორც ჩანს სწრაფად წარიმართება, თუკი რუსეთი არ მიიღებს კარდინალურ ზომებს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი