რატი იონათამიშვილი – პრეზიდენტი სრულ უპატივცემულობას გამოხატავს არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს სრულ უპატივცემულობას არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ, რაც დაუშვებელი ქმედებაა.

„ამ ლექსიკით და ასეთი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებით საკუთარი ნებით მოქმედებს თუ სხვის დავალებას ასრულებს, აღნიშნულ კითხვას უკვე ჩვენი საზოგადოება გასცემს პასუხს. ერთადერთი, რისი ლუსტრაციაც მოხდა ამ ყველაფერში, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის არათანმიმდევრული, უპრინციპო დამოკიდებულება და პოზიციები, მათ შორის საკუთარი განცხადებების მიმართ. აქ აღარ არის საუბარი ზოგადად მის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებაზე, რომელიც საერთოდ არ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტია, როდესაც ადამიანი ასრულებს სხვის დავალებას, მაშინ უსვამს ხოლმე ხაზს თავის განცხადებებსა და პრინციპებს“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. ამასთან, 20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნა. 22 სექტემბერს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს, მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების, წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა სამ თვეს არ უნდა აღემატებოდეს“.