“კარგი ბავშვები” ვართ – საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა

საქართველო კიდევ ერთხელ უპატაკებს დასავლელ მბრძანებლებს, რომ საქართველო ანტირუსულ სანქციებს ასრულებს. ამჯერად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო  ავრცელებს განცხადებას, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მათივე ცნობით, გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს.

“გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მედიაში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და ხაზგასმით განვმარტოთ, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების ასევე ტვირთის შემოწმებას, საქართველოს რომელიმე ნავსადგურში შემოსვლამდე.

გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს”, – წერია განცხადებაში.