ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის დასკვნის თანახმად, საქართველოს ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტი (FIA) ქვეყანას დაეხმარა მეორე თაობის ამბიციური რეფორმების განხორციელებაში, რომელთა მიზანი იყო კერძო სექტორის განვითარების დაჩქარება და ფინანსური ჩართულობის გაძლიერება, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 4 მილიონი ევროს ღირებულების პროექტმა ხელი შეუწყო კაპიტალისა და სადაზღვევო ბაზრების განვითარების ჩარჩოს შექმნას, გააუმჯობესა ფინანსური ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლიანი ფინანსური ჩართულობა, ასევე წაახალისა კორპორაციული და სახელმწიფო საწარმოების უკეთესი მართვა და ანგარიშგება.
„მოსალოდნელია, რომ აღნიშნული რეფორმები სარგებელს მოუტანს ფიზიკურ პირებს და კომპანიებს ფინანსურ პროდუქტებთან, კერძოდ, სესხებთან და ციფრულ გადახდებთან გაზრდილი წვდომის მეშვეობით, და გააუმჯობესებს მომხმარებელთა დაცვის ზედამხედველობას. ციფრული ფინანსური სერვისების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და მარეგულირებელი ჩარჩო ხელს შეუწყობს ბაზარზე ფინანსური ინოვაციების გაცილებით უსაფრთხო და ფართო მიწოდებას მომხმარებლებისთვის.
ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების პროექტი, რომელიც ოფიციალურად დღეს დაიხურა, 2019-დან 2023 წლამდე პერიოდში მიმდინარეობდა საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ქვეყანასთან პარტნიორობის ჩარჩოსა (2019-2022 წწ.) და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (2017-2020 წწ.) ფარგლებში.
როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის სამართლიანი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების პროგრამის ხელმძღვანელმა, მიგელ სანჩესმა განაცხადა, პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესებასა და კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ამაღლებაში.
„მან ასევე ხელი შეუწყო გაცილებით კონკურენტული, გამჭვირვალე და კარგად მართვადი ინსტიტუტებისა და ბაზრებისთვის შესაბამისი საფუძვლის მომზადებას. ეს მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს უწყვეტი მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, რაც სარგებელს მოუტანს უამრავ ადამიანსა და კომპანიას ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა მიგელ სანჩესმა.