შოვის ტრაგედიის საპარლამენტო გამოძიება – რას მოელის ექსპრემიერი გახარია

პარტიამ „საქართველოსთვის”, პარლამენტში შს მინისტრის ინტერპელაციის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა და შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას კომსიის შექმნისათვის საჭირო 50 ხმის მოგროვება არ გაუჭირდება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” აცხადებს, ოპოზიციას მაინც გაუჭირდება „ოცნების” პოლიტიკურ პასუხისმგებლობამდე მიყვანა.

რაჭაში 3 აგვისტოს დატრიალებული ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ოპოზიციამ ღიად დაიწყო საუბარი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე. მაშინ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ ამაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ენმ-მ კი კომისიის შექმნის საკითხი ოქტომბრის დასაწყისამდე გადადო.

პარლამენტში დღეს 140 დეპუტატია. აქედან 84 უმრავლესობაშია „ხალხის ძალის” ჩათვლით. სავარაუდოა, რომ კომისიის შექმნას „ევროპელი სოციალისტების” 4 დეპუტატი მხარს არ დაუჭერს. აქედან გამომდინარე, ჯამში 52 ოპოზიციური ხმა რჩება.

რას ამბობს გახარიას პარტია

პარტია „საქართველოსთვის” წერს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.

„პირველი დღიდანვე, ჩვენი გუნდის პოზიცია იყო, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციების საგანი „ოცნებასა” და „ნაციონალურ მოძრაობას” შორის. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ასეც მოხდა.

ჩვენმა გუნდმა პირველივე დღიდან დაიწყო შოვში განვითარებული მოვლენების შესწავლა – შესაბამისი კითხვებით მივმართეთ შესაბამის უწყებებს, პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სამაშველო სამუშაოების დროსაც შოვში იმყოფებოდნენ, ისევე როგორც სამუშაოების დასრულების შემდეგ.

„სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და ჩვენი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას; „ოცნების” ხელისუფლება მზად არ არის აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.

„ოცნებისა” და „ნაცმოძრაობის” პირობებში, მაშინ, როდესაც ეს 2 დესტრუქციული ძალა, ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად.

თუმცა, სანამ საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ იქნება ბარიერი და კომისიის შექმნას კენჭისყრისას ჩვენი ხმები ექნება, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას.

საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ ხელისუფლების უმძიმეს პასუხისმგებლობას, მათი მცდელობის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ვერავინ გაექცევა. პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რას მისცემს ოპოზიციას კომისიის შექმნა

რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან” ფიქრობს, რომ ოპოზიცია კომისიის შექმნისათვის საჭირო ხმებს მოაგროვებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ამას საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეულმა წევრებმაც დაუჭირონ მხარი.

„შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ „ოცნება” პოლიტიკურ პასუხიემგებლობამდე მიიყვანონ. როგორც მახსოვს, საპარლამენტო კომისიის შექმნის წინაპირობა ისაა, რომ თუ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო საგამოძიებო ჯგუფი კარგად არ მუშაობდა, ამის შემდეგ საკითხი უკვე საპარლამენტო კომისიაზე გადააქვთ. თუკი ეს სწორია, მაშინ შესაძლოა პროცედურები ასე მარტივი არ იყოს, როგორც ოპოზიციას მიაჩნია.

„სახელმწიფო საგამოძიებო ჯგუფი შოვის ტრაგედიაზე აქამდეც მუშაობდა და მათ ისეთი სურათი არ გამოუვლენიათ, რომ ეს ტრაგედია თანამდებობის ბოროტად გამოყენების შედეგი იყო. მათ შორის გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაც იყო და ხელისუფლების ბრალდების წაყენება, შესაძლოა, ადვილი არ იყოს.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტისა არ იყოს, ხმების მობილიზების საქმეში რაღაც რესურსები ყოველთვის შეიძლება საიმისოდ გამოიძებნოს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს გამოადგებათ. მაგალითად, მმართველი პარტიიდან ადამიანები გადაიბირონ. ამ შემთხვევაში გადაბირება მაინცდამაინც ცუდ საქციელს არ ნიშნავს, შესაძლოა შოვში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთან ჰქონოდა ურთიერთობა და ამიტომ იყოს გამწარებული, გაბრაზებული და ამ გაბრაზების გადატანა მოისურვოს. ასეთი ადამიანები თუ უმრავლესობაში იქნა, შესაძლოა ოპოზიციის ხმებს მიემატოს.

„მგონია, რომ საგამოძიებო კომისია შექმნაც არ იქნება შედეგიან. კიდევ უფრო სერიოზული დარღვევების პირობებშიც კი, ეს სტრატეგია – რომ ხელისუფლების შეცდომები გამოვავლინოთ და ეს ოპოზიციისთვის მომგებიანი იქნებაო – არ მეჩვენება მათთვის ხელის შემწყობი იყოს. ეს სტრატეგია 2003 წლიდანაა აღებული, როცა რეფორმისტების ჯგუფმა შევარდაძის ხელისუფლების ხარვეზებზე ქულები აიღო, მაგრამ იმ დროს ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდბეულება უფრო მკაფიო იყო, ვიდრე ახლაა”, – განაცხადა საყვარელიძემ.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, როცა ოპოზიციამ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განაცხადა და გახარიას პარტიამ ამის მხარდაჭერაზე უარი თქვა, გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს გახარიას პრემიერობის პერიოდს უკავშირდებოდეს. საყვარელიძის აზრით, გახდება თუ არა კომისიის განხილვის საგანი გახარიას პპრემიერობისას მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლოა შოვის ტრაგედიასთან იყოს კავშირში, ძნელის სათქმელია.

„ყველაზე უკეთესად თავად გახარიამ იცის, იკვეთება თუ არა მისი ბრალეულობა ამ ტრაგედიაში და თუ დარწმუნებულია, რომ მისი ბრალეულობის საკითხი არ დადგება, მაშინ, ბუნებრივია, ის უკან არ დაიხევს. ამ საკითხში არაფერი მოგება არ აქვს გარდა იმისა, რომ გახარია როგორც ოპოზიციური პილიტიკური ფიგურა, ამოტივტივდება და თვალსაჩინო გახდება”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან“.