კახა კალაძე რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ: შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ყველაფერს USAID აფინანსებს

ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც USAID-ის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კალაძე გამოეხმაურა სუს-ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც საქართველოში რევოლუციური სცენარის მომზადებას ეხება. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტის უკან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დგას.

„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი და მძიმე ფაქტია. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ მზაკვრული გეგმებისა, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ საქართველოს მტრებს გააჩნიათ. თუმცა, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ამ ყველაფერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.

უნდა გავიხსენოთ საპარლამენტო არჩევნები, როდესაც პარალელური დათვლები გაყალბდა. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება USAID-ის მხრიდან ხორციელდებოდა. ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი გროვდება, რომელიც ამ ორგანიზაციის ჩართულობით არის და პირდაპირ ასახავს მტრობას. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება და ველოდებით ახსნა-განმარტებებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

სამოქალაქო არეულობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ დეტალებს ასაჯაროებს. სუსის ინფორმაციით, სერბეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ოქტომბერ – დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდებთან და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიც გაასაჯაროვა.