კანვასის“ წევრები მზად არიან, დაკითხვის ოქმები, რომლებიც სახელმწიფომ გაასაიდუმლოვა, თვითონ გამოაქვეყნონ, თუ ამას სუს-ი არ გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ „კანვას-საქართველოს“ დირექტორმა, გიორგი მელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაუგებარია, თუ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხა, რაღაც ცუდს აკეთებდნენ, მაშინ რატომ გაუშვეს ისინი ქვეყნიდან.
ამასთან, გიორგი მელაძემ განმარტა, რა არის ორგანიზაციის მთავარი საქმე.
„ჩვენ 20 წელია, ვიცნობთ ერთმანეთს, პერიოდულად ვხვდებით და დღეს ჩამოსვლის მიზანი იყო არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების შესახებ ლექციების ჩატარება. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მთავარი საქმე, ეს არის, რაც ვიცით, რასაც ვაკეთებთ, რის შესახებაც ვწერთ და ვკითხულობთ. ძალიან დიდი მადლობა ამხელა ყურადღებისთვის, რომელიც სახელმწიფომ გამოიჩინა და ამის შესახებ იმდენ ადამიანს გააგებინა, რამდენსაც ჩვენ ვერ გავაგებინებდით. მართლა მგონია, რაღაცნაირად მოინდომეს, რომ პოპულარული ყოფილიყო.
რაც შეეხება იმას, რომ რაღაცაში ბრალს სდებენ – ვერ ვხვდები, რაღაც ცუდს თუ აკეთებდნენ, მაშინ რატომ გაუშვეს ამ ქვეყნიდან? თვითონ გაუშვეს ხომ? თუ გაუშვეს, კუდში რატომ მიადევნეს სიტყვა. ამიტომ, „კანვასის“ წევრები მზად არიან, საიდუმლოდ შენახული დაკითხვის ოქმები, რომლებიც სახელმწიფომ გაასაიდუმლოვა, თვითონ გამოაქვეყნონ, თუ სუს-ი არ გამოაქვეყნებს.
რასაც სუს-ი აკეთებს, ეს არის არის ვითომ მასალის გამოქვეყნება. როგორც მითხრეს, ბევრი ჭრა აქვს. ეს მასალა „იუთუბზე“ გვაქვს თავიდან ბოლომდე ატვირთული. შემიძლია, ლინკები მოგცეთ, შეხვიდეთ და ნახოთ. ნებისმიერი დაჭრილი ინფორმაცია ადამიანს, რომელსაც შეიძლება, ცოდნა არ ჰქონდეს, შეუქმნის არასწორ წარმოდგენას. სუს-ის მიზანია, გააყალბოს ისტორია. რეალური ისტორია რაც არის, ეს არის ღია ისტორია. მაშინ თქვენ ლექციას ჩაგიტარებთ, არა მარტო თქვენ, სუს-საც. აუცილებლად წაგიკითხავთ, რას ნიშნავს.
თუ სახელმწიფო გონს ვერ მოეგება დროულად და იმხელა რეპრესიის ფორმას მიმართავს, რაც მის თავხედურ წარმოდგენებში არანაირი ფარგლებით არ არის შეზღუდული, მაშინ ის თვითონ არის განწირული. ჩვენ გვინდა არაძალადობრივი კომუნიკაცია იყოს ამომრჩეველსა და არჩეულ პოლიტიკოსებს შორის. რამდენიმე პრინციპია – დისციპლინა, ერთიანობა და არაძალადობა. როგორ, რანაირად – ეს ლექციის საგანია და ამას ღიად გავაკეთებთ. მთავრობამ არ უნდა დათხაროს მომიტინგეებს თვალები, მომიტინგეებმა მშვიდობიანად უნდა ქნას ყველაფერი. ამაზეა საუბარი, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. როდესაც სახელმწიფო პროვოცირებას ახდენს, თავად მოქალაქეებმა როგორ დაიცვან თავი. კულტურის დარგში მოღვაწეებს ეხებათ, რადგან მინისტრი ჰყავთ, რომელიც არ მოსწონთ და ყოველდღე მიტინგებს უტარებენ“ , – განაცხადა გიორგი მელაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა. ამასთან, შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით, სუს-ში სერბეთის სამი მოქალაქე 29 სექტემბერს დაიკითხა. ადვოკატების ინფორმაციით, მათ გაუთქმელობის ხელშეკრულობაზე მოაწერინეს ხელი.
ავტორი – თეონა ხუბულავა