ამერიკული “გამჭვირვალობა” გვთავაზობს, რომ ის ტოტი მოვჭრათ, რომელზეც მთელი საქართველო ზის – ანუ რუსეთთან ვაჭრობა გავაუქმოთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია.

„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ იყენებს დასავლეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად (მაგალითად, სანქციებს, რომლითაც საქართველოს მთავრობასაც ემუქრებიან).

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 32%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. „რუსეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 12.4%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია“.

2023 წლის იანვარ-ივნისში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.

„მიმდინარე წლის 6 თვეში რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 82 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზე უალკოჰოლო სასმელები იყო 66 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 53 მლნ აშშ დოლარით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის თქმით, საანგარიში პერიოდში იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 12.9% იყო, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. წლის პირველ ნახევარში, რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. 2021 წლის 6 თვესთან შედარებით რუსეთიდან იმპორტი 2-ჯერ არის გაზრდილი“.

2023 წლის პირველ 6 თვეში, რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა. 2021 წლის 6 თვესთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელს პანდემიის დასრულების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლებია.

„2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით“, – ნათქვამია ანგარიშში. „2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსი ვიზიტორების წილმა 20.2% შეადგინა“.

TI საქართველოს ინფორმაციით, ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ „ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-თვის აქამდე არასდროს მიუღწევია“.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „2023 წლის პირველ ნახევარში რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 482 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 2022 წლის ანალოგიური მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია“.

„საქსტატზე“ დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად და იმიგრანტად დარეგისტრირდა.

2023 წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. „თუმცა, მიმდინარე წლის მაისი-ივნისში რუსეთიდან გზავნილებმა კლება დაიწყო და 259 მლნ დოლარით ნაკლები გადმოირიცხა, ვიდრე 2022 წლის მაის-ივნისში“.

ანგარიშის თანახმად, „2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელია“.

2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 56 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. 56 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 27 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში მიემართა, 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში, 7 მლნ დოლარი საინფორმაციო ტექნოლოგიებში და 4 მლნ დოლარი ვაჭრობაში.

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 6 539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

„2022-2023 წლებში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვთ“, – ნათქვამია ანგარიშში.

რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ორგანიზაცია ხელისუფლებას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:

რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება;

რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის – ღაღადებს “გამჭვირვალობა” და ამით საქართველოს მოუწოდებს, მოჭრას ის ტოტი, რომელზეც ხალხის უდიდესი ნაწილი ზის!

 

წყარო:

საქინფორმი