მასპინძელი ქვეყნის მხრიდან პროტოკოლის წესის დაცვით მიღება, დახვედრა, დროშების ფონზე ფოტოგადაღება, თავისთავად ვერ გამოდგება დასტურად, რომ სახეზე იყო პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
ჩუგოშვილის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი უცვლელია, მიუხედავად იმისა, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კონსტიტუციის 49-ე, თუ 52-ე მუხლის ფარგლებში. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროტოკოლის წესის დაცვა არის პატივისცემის გამოხატულება მის, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიმართ და საქართველოს მიმართ.
„რაც შეეხება სამ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წარმოდგენილია. როგორც თავად პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები, ასევე მასპინძლების განცხადებები, ორი ადამიანი მონაწილეობდა შეხვედრაში, ორივე მხარე ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ქმედება, პრეზიდენტების შეხვედრა, თუ ასევე შარლ მიშელთან შეხვედრა არ გაცდენია 49-ე მუხლისა და 78-ე მუხლის არეალს. ეს მოვლენა მთლიანად ექცეოდა 49-ე მუხლისა და 78-ე მუხლის ქმედებაში. მასპინძელი ქვეყნის მხრიდან პროტოკოლის წესის დაცვით მიღება, დახვედრა, დროშების ფონზე ფოტოგადაღება, თავისთავად ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ სახეზე იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, მიუხედავად იმისა, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კონსტიტუციის 49-ე, თუ 52-ე მუხლის ფარგლებში, უცვლელია. ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად და შესაბამისად, პროტოკოლის წესის დაცვა არის პატივისცემის გამოხატულება მის, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიმართ და საქართველოს მიმართ, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ის წარმოადგენს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში ასრულებდა იმ როლს, რომელსაც კომბინაციაში მას განუსაზღვრავს კონსტიტუციის 49-ე და 78-ე მუხლები.
„წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ განუხორციელებია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის თანახმად. ის საგარეო ურთიერთობებში თავის როლს ასრულებდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად და მიუხედავადს იმისა, ის მოქმედებს 49-ე მუხლის, თუ 52-ე მუხლის შესაბამისად, თუ 49-ე და 78-ე მუხლების შესაბამისად, მას სხვა ქვეყანა მაინც დახვდება პატივით და ასეც უნდა იყოს. საქართველოს პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, ამ ორი მუხლიდან რომლის ფარგლებში წარმოადგენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, სათანადო პატივისცემით უნდა დახვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის იქ არ იყო არც მოლაპარაკების წარმოებისთვის, არც ახალი ვალდებულებების აღებისთვის, არამედ იყო ზუსტად იმ როლის შესასრულებლად, რომელსაც კომბინაციაში მას განუსაზრვრავს კონსტიტუციის 49-ე და 78-ე მუხლები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.