სლოვაკეთის პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიკოს, რომლის პარტიამაც საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, კოალიციური მთავრობის შექმნა სთხოვა.
პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას თქმით, ახალი მთავრობა უნდა მოემსახუროს ყველა მოქალაქეს და ხაზი გაუსვა, რომ მომავალი დღეები იქნება პოლიტიკური მოლაპარაკებების დრო არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ მასსა და პარტიის ლიდერებს შორის.
ფიკოს პარტიამ, “სლოვაკი სოციალ-დემოკრატები“, არჩევნებში ხმების თითქმის 23% მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 150-ადგილიან პარლამენტში 42 ადგილი ექნება. მოსალოდნელია, რომ კოალიციის შექმნის მიზნით, რობერტ ფიკო მოლაპარაკებებს დაიწყებს პარტია „ხმასთან”, რომელმაც არჩევნებში ხმების 15% მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა. კოალიციის მესამე წევრად მოიაზრებენ პრორუსულ “სლოვაკეთის ეროვნულ პარტიას”, რომელმაც არჩევნებში ხმების 5.6 % მოიპოვა. საარჩევნო კამპანიის დროს რობერტ ფიკო აცხადებდა, რომ თუ მისი პარტია მთავრობაში მოვიდოდა, სლოვაკეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას აღარ გააგრძელებდა.