კონგრესმა მაკარტი გააგდო – კიევის რეჟიმის დაფინანსება მნიშვნელოვნად ფერხდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 210 წინააღმდეგი იყო.

მაკარტის გადაყენების ინიციატივით რესპუბლიკელი კონგრესმენი, მეტ გეტცი გამოვიდა, რომელიც უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი თანაპარტიელი კომპრომისზე წავიდა დემოკრატებთან და უზრუნველყო 45-დღიანი ბიუჯეტის მიღება, რათა თავიდან აეცილებინა ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება. მან ასევე დაადანაშაულა მაკარტი იმაში, თითქოს ის დათანხმდა საიდუმლო გარიგებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უკრაინის დასაფინანსებლად.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვედა პალატის სპიკერის გადაყენება მოხდა. მაკარტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ არის პალატის თავმჯდომარე, ის არ ნანობს არჩევანს, რამაც გამოიწვია მისი თანამდებობიდან გადაყენება.

მაკარტის რესპუბლიკელებმა არ აპატიეს, რომ მან, დემოკრატების ხმების დახმარებით,  მთავრობის დაფინანსების შეწყვეტა არ განახორციელა. კონგრესმა მიიღო გარდამავალი ბიუჯეტი ნოემბრის შუა რიცხვებამდე. კონგრესმენ გეტცის მტკიცებით, მაკარტიმ რესპუბლიკელთა ფრაქციის შიგნით მიღწეული სხვა შეთანხმებებიც უგულებელჰყო.

აშშ კონგრესი ჯერ-ჯერობით უუნაროა, მიიღოს გადაწყვეტილებები. კონგრესის საკანონმდებლო საქმიანობის აღდგენამდე აუცილებელია, არჩეულ იქნას ახალი თავმჯდომარე.

ახალი კანდიდატის დასახელება, მინიმუმ ერთი კვირა არ მოხდება. თუკი კონგრესი ახალ თავმჯდომარეს ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვერ აირჩევს – ანუ მანამ, სანამ გარდამავალი ბიუჯეტი ძალაშია, შემდეგ მოხდება მთავრობის დაფინანსების და საქმიანობის შეჩერება, ეგრეთ წოდებული  „Shutdown“.