ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გმობს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაკავებას

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გმობს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაკავებას და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს. რეზოლუციის თანახმად, 100 000 ეთნიკური სომეხი იძულებული გახდა, გაქცეულიყო ანკლავიდან ბოლო შეტევის შემდეგ, რის გამოც არსებული ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება.

ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, „დაუყოვნებლივ შესთავაზონ სომხეთს ყველა საჭირო დახმარება მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების შედინებისა და შემდგომი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს მიზანმიმართული სანქციები ბაქოში ხელისუფლების იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

ევროპარლამენტარები ითხოვენ გამოძიებას აზერბაიჯანის ჯარების მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს ომის დანაშაული.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გადახედოს ბაქოსთან ურთიერთობას. პარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, შეამციროს დამოკიდებულება აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე და სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში, სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.

რეზოლუცია 491 ხმით დამტკიცდა, წინააღმდეგი იყო ცხრა, 36-მა კი თავი შეიკავა.