ირაკლი ღარიბაშვილი – შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში ჩვენს ქვეყანას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს პროექტი ვერ შედგება, თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, სტაბილური და ჩვენთან არ იქნება მშვიდობა

ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ როგორც ერთ აღებულ ქვეყანას აქვს მნიშვნელობა, არამედ როგორც რეგიონში მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვან აქტორს და, ასევე, ფაქტორს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

კითხვაზე, ოპტიმიზმს შეიძლება თუ არა ამძაფრებდეს ახალი როლი, რომელიც საქართველოს აქვს, მათ შორის ენერგორესურსებისა და შავი ზღვის კაბელის თემა, შუა დერეფანი და, ზოგადად, მასშტაბური პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული, რა თქმა უნდა, აძლიერებს საქართველოს როლსა და სტატუსს.

„ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და, ზოგადად, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ როგორც ერთ აღებულ ქვეყანას აქვს მნიშვნელობა, არამედ როგორც რეგიონში მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვან აქტორს და, ასევე, ფაქტორს, რადგან ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან რეგიონში, იქნება ეს აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ეს პროექტი ვერ შედგება, თუ საქართველო არ იქნება ძლიერი და სტაბილური და არ იქნება ჩვენთან მშვიდობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა ამ ფაქტორს და გარემოებას აქვს დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.