ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილს მიმართა – საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტი ყველგან ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, ამას ეხებოდა ევა გოცირიძის შვიდი კითხვა, ინგასავით შვიდჯერ მოგარტყათ, მაგრამ არ უპასუხეთ

საგარეო ურთიერთობებში სადაც კი წარსდგება პრეზიდენტი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ის ყველაგან ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ამას ეხებოდა ევა გოცირიძის შვიდი კითხვა, ინგასავით შვიდჯერ მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელ მაია კოპალეიშვილს, რომელმაც კობახიძეს კითხვა დაუსვა.

მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „რამდენად ამოწურავს 52-ე მუხლის პირველის „ა“ ქვეპუნქტი თქვენეულ ხედავას. რას გულისხმობს, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში და მეორე – აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან? გთხოვთ, განმარტოთ, რას გულისხმობს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, რადგან თქვენს წარდგინებაში სწორედ ამაზე აპელირებთ, რომ შეხვდა საფრანგეთის, გერმანის პრეზიდენტებს ბრიუსელში, აწარმოვა მოლაპარაკებები და დაარღვია კონსტიტუციაო. გთხოვთ, აგვიხსნათ, რას გულისხმობთ მოლაპარაკებების წარმოებაში და რატომ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა ამ შეხვედრების დროს აწარმოვა მოლაპარაკებები“.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს, კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკებები.

„საგარეო ურთიერთობებში სადაც კი წარდგება პრეზიდენტი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ყველგან ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ამას ეხებოდა ევა გოცირიძის შვიდი კითხვა, ინგასავით შვიდჯერ მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ. ეს ხუმრობით, მაპატიეთ, მცირე გადახვევისთვის. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ნიშნავს, როცა საგარეო ურთიერთობებში წარადგენ შენს ქვეყანას ნებისმიერი ფორმით, მათ შორის დისტანციური ფორმით. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. არ აზუსტებს კონსტიტუცია, შეიძლება სადღაც იყოს დაზუსტებული, მაგალითად კანონში, მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით. შეიძლება, ასეთი რამ იყოს, შეიძლება, შპს-ს ეწეროს წესდებაში. აქ არავითარი განსხვავება არ არის. რეალურად, მოლაპარაკებებში იგულისხმება ნებისმიერი შედეგი, რომელსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი. ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს, თქვენს სიტყვებს ვამბობ, კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.