კახა კალაძე – კიდევ ერთხელ დადასტურდა, გამოჩნდა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია

კიდევ ერთხელ დადასტურდა, გამოჩნდა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმე და ცუდია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო ყველაფერი, თავიდანვე აშკარად იკვეთებოდა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. რა თქმა უნდა, პროცედურა ითვალისწინებს, აუცილებელია, მოხდეს განხილვა, კითხვების დასმა, იყოს პასუხები. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოჩნდა, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმე და ცუდია. პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პატივს სცემდეს სახელმწიფოს, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და პირველი არღვევს ამ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებები ხომ არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მოახერხებს თუ არა მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.

„იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო გაჟღერებული. დეპუტატების გადასაწყვეტია, იმპიჩმენტთან დაკავშირებით ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერი შესაძლებელია. მათ აქვთ შესაძლებლობა, თავად მიიღონ გადაწყვეტილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერი შესაძლებელია, იმპიჩმენტთან დაკავშირებით არაფერს გამოვრიცხავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.