მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე – ეს არის რეგულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რეგულაციის პროექტს ამზადებს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი, რომელიც მოსაზრებებისთვის არის გაგზავნილი.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილის ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ბატონო დავით, როგორც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, მადლობას გიხდით ამ სოლიდარობისთვის. ზუსტად ეს იგულისხმება ამ რეგულაციაში და დიდი მადლობა, რომ ამას გაუსვით ხაზი“.
„ბატონო დავით, შემიძლია წაგიკითხოთ კიდეც ეს რეგულაცია, სხვათა შორის, ჯერ მიღებული არ არის, პროექტია, რომელსაც აპარატის ხელმძღვანელი აკეთებს და შესაბამისად, გაგზავნილია მოსაზრებებისთვის. „მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე“- ეს არის რეგულაცია. ეს რეგულაცია, ასევე, ჩაიდო უსაფრთხოების ბრძანებაში, რომელიც გამოქვეყნებულია და რომელიც ეხება პარლამენტის სტუმრებს. იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც პარლამენტში მოსული ვიზიტორი ხანდახან საბრიფინგე ადგილზე დგებოდა და ატარებდა ბრიფინგს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში ტრიბუნიდან მიმართვა იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრის პრეროგატივა.