ეს ორი ფოტო უკეთ წარმოაჩენს ევროპის ლიდერების დამოკიდებულებას საქართველოს მთავრობისადმი, ვიდრე ბევრი ლაყაფი! ნახეთ!

ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წელს “მთელი საგარეო პოლიტიკა” თინა ხიდაშელს “ჩააბარა” – ეს მისივე სიტყვებია იმ ცნობილი ფარული ჩანაწერიდან, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა მაშინდელი საპარლამენტო არჩევნების წინ გაავრცელა.

გახსოვთ, ალბათ, მომავალი პრემიერმინისტრის პათოლოგიურად უწმაწური ლექსიკა და ქილიკი იმ “*ლექალაზე”, რომელიც თავად ამოარჩია ქოცური საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ-გამტარებლად.

მას შემდეგ აღზევებულ-გაპრემიერებულ ირაკლის  დიდად არაფერი შეუცვლია – საგარეო საქმეთა მინისტრად ჯერ მაია ფანჯიკიძე (!) დაინიშნა, შემდეგ კიდევ ვიღაც (არ მახსოვს). ახლა ასეთივე ვიღაც ილია დარჩიაშვილი ჰყავს კაბინეტში – როგორც ჩანს, თავისივე საძმაკაცოდან, რომელიც მართავს ქვეყნის საგარეო, “ევროინტეგრაციის” კურსს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ საკადრო მიდგომებიდანაც ჩანს, რომ პატარა ირაკლის საგარეო პოლიტიკა არ ესმის და არც სერიოზულად უყურებს. პუტინს როგორ დაემალა ბაქოში 2015 წელს, სპორტულ ღონისძიებების თანხმლებ სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრების ფარგლებში, ესეც გვახსოვს.

ევროპისგან გალანძღულ-დამცირებული მთავრობის მეთაური ახლა ისევ ევროგეების თუ რაც ჰქვიათ, სამიტზე აღმოჩნდა, ესპანურ გრანადაში. ორბანთან ჩახუტების შემდეგ, ღარიბაშვილს ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები მიუახლოვდნენ – გერმანიის ფედერალური კანცლერი შოლცი და, შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი. ეს იმიტომ მოხდა, რომ პროტოკოლით გათვალისწინებულია ლიდერების განთავსება სახელმწიფოთა ანბანური რიგითობის მიხედვით. საქართველო, ინგლისურად – Georgia, ლათინური ანბანის მიხედვით, გერმანიის (Germany) წინ და საფრანგეთის (France) შემდეგ დგას. ასე აღმოჩნდება ხოლმე საქართველოს წარმომადგენელი საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს შორის. ამჯერად, თავად პრემიერი ღარიბაშვილი.

მოახლოებულმა შოლცმა ღარიბაშვილს ხელი ზემოდან ჩამოართვა. მსუბუქად. ღარიბაშვილი მის თითებს ჩაეჭიდა. კარგია, რომ არ ეამბორა.

შემდეგ, მხიარულ გუნებაზე მყოფი მაკრონი მოვიდა, რომელმაც ხელი სწორად კი გაუწოდა, მაგრამ მეორე ხელი ჯიბეში ჩადებული დატოვა. პატარა ირაკლის მიესალმა ისე, როგორც პატარა ირაკლის. შემდეგ მასწავლებელივით დაუჯდა და რამდენიმე წამი წარბაწეული უსმენდა ირაკლის ევროინტეგრაციის ისტორიებს.

ეს ყველაფერი აქ არის დაფიქსირებული, სატელევიზიო კადრებით გასული სიუჟეტის “სკრინშოტებში”. თავად ვულგარულ ტელევიზიებს, რომლებსაც სამიზნეში ჰყავთ ამოღებული პრემიერი ღარიბაშვილი, ამდენი დაკვირვების უნარი არ გააჩნიათ. არადა, ბევრი ლაყაფის ნაცვლად, ეს ორი ფოტო უფრო კარგად აღწერს, რა დამოკიდებულება აქვს ევროპას საქართველოს მთავრობის და ჩვენი ქვეყნის მიმართ!

ფოტომომენტი 1-ლი: შოლცი და ღარიბაშვილი:

 

ფოტომომენტი მე-2: მაკრონი და ღარიბაშვილი:

გერმანე ფრანგიშვილი