“მოკლა, ცხედარი ჩანთაში მოათავსა და სკვერში დატოვა…” – პოლონეთში, ქართველ კაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

პოლონეთში ახალგაზრდა ქალის სასტიკი მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ქუთაისელ მამუკა ხეცურიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ პოლონური მედია წერს.

საუბარია 2018 წლის 20 ოქტომბერს მომხდარ დანაშაულზე, როდესაც 39 წლის ქართველმა მამაკაცმა 28 წლის პოლონელი ქალი მოკლა, ცხედარი კი ჩანთაში მოათავსა და პარკში დატოვა.

როგორც მედია  წერს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაული ბოლო 30 წლის განმავლობაში.

2018 წლის 19 ოქტომბერს, პარასკევს პაულინა დ. მეგობრებთან ერთად წვეულებაზე გაემართა ღამის კლუბში, პიოტრკოვსკის ქუჩაზე. ახალგაზრდა ქალი სახლში რომ არ დაბრუნდა, ახლობლებმა პოლიციას მიმართეს, რომელმაც დაკარგულის ძებნა დაიწყო. მათ ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ნახეს, რომ ქალი მასზე შედარებით უფროს მამაკაცთან ერთად მიდიოდა გდანსკის ქუჩაზე.

რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციაში დარეკა ველოსიპედისტმა და განაცხადა, რომ პარკში საეჭვო ჩანთა შენიშნა. სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ და ნახეს, რომ ჩანთაში დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იყო მოთავსებული.

პროკურატურის მონაცემებით, მკვლელობა შაბათს, 20 ოქტომბერს მოხდა (2018 წ.) ლოძის საერთო საცხოვრებელში, ჟერომსკის ქუჩაზე.

დამნაშავე, რომელსაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ, 2018 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს უკრაინის დედაქალაქ კიევში, დაახლოებით დილის 6 საათზე..

თავდაპირველად, 2022 წელს მას ლოძის რაიონულმა სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გასულ პარასკევს, 29 სექტემბერს კი სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხეცურიანს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა.

ასეთი მკაცრი განაჩენი, მედიის ინფორმაციით, მოსამართლე სლავომირ ვლაზლომ იმით გაამართლა, რომ დამნაშავეს ამ დრომდე არ აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ჩადენილის მიმართ, პირიქით, რამდენადაც იგი თავს …მსხვერპლად (?!) მიიჩნევს. ამიტომ 25 წლის მოხდის შემდეგ მისი ციხიდან გამოსვლა ისევ საფრთხეს შეუქმნიდა გარშემო მყოფებს.

წყარო: nostal.ge