რუსეთის სახელმწიფო დუმა უახლოეს სხდომაზე ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ვოლოდინის თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება და ეს სარკისებური პასუხი იქნება აშშ-ის პოზიციაზე, რომელსაც ეს ხელშეკრულება დღემდე რატიფიცირებული არ აქვს.
„მსოფლიოში სიტუაცია შეიცვალა. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ჩვენს წინააღმდეგ ომი დაიწყეს. დღევანდელი გამოწვევები ახალ გადაწყვეტილებებს საჭიროებს“, – ამბობს ვოლოდინი.
ვოლოდინმა გაიხსენა, რომ ვალდაის კლუბში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა. ვოლოდინი ამბობს, რომ ეს სწორედ სახელმწიფო დუმამ უნდა გააკეთოს.