სოზარ სუბარი საპატრიარქოს დაფინანსებაზე: თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს კი მართლა ცოტაა, მით უმეტეს, რომ 100%-ით ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებაზე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსებაზე ისაუბრა. როგორც სუბარი აღნიშნავს, საპატრიარქოს დაფინანსება 20 წელზე მეტია 25 მილიონია, რაც ძალიან ცოტაა იქიდან გამომდინარე, რასაც საპატრიარქო აკეთებს.

„საინტერესო საკითხი წამოიწია და მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას. 20 წელზე მეტია ეს დაფინანსება 25 მილიონია, ამას ჩვენს პერიოდში დაემატა დაფინანსება, რომელსაც სხვა ტრადიციული რელიგიებიც იღებენ.

თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს კი მართლა ცოტაა. მით უმეტეს, რომ მე კარგად ვიცი რაში იხარჯება ეს თანხები საპატრიარქოს მიერ (მე თვითონ ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში) – 100%-ით ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებისკენ. კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლების რაოდენობა; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაათმაგდა თანხა, რომელიც სოციალურ საკითხებს, დასუფთავებას და ა.შ. სჭირდება. ძალიან მაღალი დონის პროფესურაა და მართლა მინიმალური ანაზღაურება აქვთ.

იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა დომინაციებზეც და კარგი იქნება, ამ მხრივ გაზრდაზე თუ ვიფიქრებთ. მართლა გაორმაგებაც კი არაფერი არ არის აქ, იმდენად ცოტა თანხაა“, – განაცხადა სუბარმა.