ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ესპანეთში, ქალაქ გრანადაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მიღწეული პროგრესი განიხილეს.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საქართელოში კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მიღწეული პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა და ბევრია ჯერ კიდევ გასაკეთებელი. მთავარი გზავნილია, გამოიყენეთ შესაძლებლობა, რათა წინ წაწიოთ პროცესი, იყავით მკაფიო რეფორმების პროცესში და პოლიტიკაში, რომელზეც შეთანხმებულები ვართ. ჩვენ გვაქვს გაფართოების ხანგრძლივი ისტორია. გაფართოების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს იყო უზარმაზარი ბენეფიტის მომტანი ქვეყნებისთვის და საზოგადოებისთვის. არამარტო სარგებელი მოჰქონდა გაწევრიანებას ახალი წევრებისთვის, სადაც ცხოვრების დონე ძალიან სწრაფად იზრდებოდა, არამედ უზარმაზარი სარგებელი მოჰქონდა მთლიანად ევროკავშირისთვის. ჩვენი უდიდესი სიძლიერე ერთიანი ბაზარია და ამ ბაზრის გაზრდა დამატებით ღირებულებას წარმოადგენს ყველასთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.