ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი საერთაშორისო საზოგადოებას „ჰამასის“ დაგმობისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი საერთაშორისო საზოგადოებას „ჰამასის“ დაგმობისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ისააკ ჰერცოგის თქმით, დღეს ყველამ დაინახა „ჰამასის“ ნამდვილი სახე.

„ტერორისტული არმია, რომლის ერთადერთი მიზანია უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ცივსისხლიანი მკვლელობა. ირანში მათი მარიონეტული მეთაურების მხარდაჭერით და ხელმძღვანელობით, მათ განახორციელეს არაპროვოცირებული, საზარელი თავდასხმა ებრაულ სახელმწიფოზე ებრაელთა წმინდა დღეს. უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დაიხოცნენ და დაიჭრნენ, ბევრი კვლავ თავდასხმის ქვეშ არის“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ისრაელის სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა აღმოიფხვრას ეს აშკარა და დაუყოვნებლივი საფრთხე მოქალაქეებისთვის.

„ისრაელი ყველა გამოწვევას გადალახავს. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ახლა დროა, მოვისმინოთ „ჰამასის“, მისი მოკავშირეებისა და ირანში მისი მხარდამჭერების მკაფიო, ცალსახა დაგმობა. ახლა დადგა დრო, მტკიცედ დავდგეთ ისრაელის გვერდით მისი სამართლიანი ბრძოლის მხარდასაჭერად მტრის წინაშე“, – ნათქვამია ისააკ ჰერცოგის განცხადებაში.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.